საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, დმიტრო ბერეჟნოის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დეკემბერში, ლონდონში დაგეგმილ „ყირიმის პლატფორმის“ საპარლამენტო განზომილების შეხვედრას, რომელშიც უკრაინის რადას თავმჯდომარისა და დიდი ბრიტანეთის თემთა და ლორდთა პალატების სპიკერების მოწვევით მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. ასევე, განიხილეს „ყირიმის პლატფორმის“ სხდომების მსვლელობისას, ლონდონში ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა.

შეხვედრაზე უკრაინელმა დიპლომატმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, უკრაინის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინის მხარდაჭერისა და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მზადყოფნა გამოთქვა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განსავითარებლად.

დიდი ბრიტანეთის ელჩთან ასევე განიხილეს ტანზანიაში საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის დროს ქართული საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერთან და შემდგომი ურთიერთობების დღის წესრიგი.