დღეს ის ადამიანებიც კი სირცხვილით იწვიან, ვინც ლევან ხაბეიშვილს დაუჭირეს მხარი. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში თუ გვყავს თავმჯდომარე, რომელსაც არ აქვს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ვინმესთან საუბრის რესურსი, ის უნდა წავიდეს - ის არის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობისთვის შეუფერებელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი იმედაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„დღეს ის ადამიანებიც კი სირცხვილით იწვიან, ვინც ლევან ხაბეიშვილს დაუჭირეს მხარი.
სიტუაცია არის ასეთი - ჩვენ გვყავს პარტიაში ადამიანთა ერთი ჯგუფი, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება და დაფარული წყაროებიდან ბევრი ფული აქვთ. ამ ადამიანების ჯგუფს არ სურს, რომ მათ გარდა კიდევ ვინმე იყოს პარტიაში.
იმ პოლიტსაბჭოს კიდევ ჰქონდა ორთვიანი ვადა, რა ვადაშიც მხოლოდ ახალი არჩევნების წესი უნდა გაეწერათ და რატომ არ მიეცათ მათ ამის საშუალება?! - რადგან ამ ადამიანებს არ სურდათ ამდენი პატრიოტი, გულანთებული, თავისუფალი ადამიანის იქ ყოფნა. ახლა აღმოჩნდა, რომ ვინც ეგონათ, მათკენ იყვნენ, მათაც აღარ მოსწონთ რაც პარტიაში ხდება - აღმოჩნდა, რომ მოქმედ პოლიტიკურ და საორგანიზაციო მდივანსაც აღარ მოსწონთ რაც პარტიაში ხდება.
პარტიაში დაბრუნება შეიძლება მაშინ, თუ იქიდან წახვედი - მე არსაიდან წავსულვარ, კონკრეტულად ერთი ადამიანი გარიცხეს, თორემ ისიც არ წასულა.
ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში თუ გვყავს თავმჯდომარე, რომელსაც არ აქვს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ვინმესთან საუბრის რესურსი, ის უნდა წავიდეს - ის არის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობისთვის შეუფერებელი.
ამ სიტუაციაში პარტიის ფუნქციონირებას შეუძლებლად ვხედავ და ამაზე იმ ადამიანთა აზრიც მეტყველებს, რომლებიც გუშინ დილიდან დაწყებული განცხადებებს აკეთებენ დიდი ქალაქებიდან.
პარტიამ რამდენიმე წელი თავმჯდომარის გარეშე იფუნქციონირა, როდესაც თავმჯდომარე ქვეყნიდან გაძევებული მიხეილ სააკაშვილი იყო - დიდი გარჩევის საგანი იყო, უნდა ჩაგვენიშნა თუ არა არჩევნები, შემდეგ აირჩა გრიგოლ ვაშაძე, რომელიც წავიდა, არავის გაურიცხავს. ამის შემდეგ ჩატარდა არჩევნები, რომელშიც მხარი ლევან ვარშალომიძეს დავუჭირე სწორედ იმ ადამიანების გამო, ვინც დღეს დარჩა პარტიაში.
პოლიტსაბჭოს ყრილობა ჩატარდა ლეგიტიმაციის დარღვევით.
პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილი გამოდის და ამბობს, რომ დავით ბერიტაშვილი, რომელიც თავისი დამსახურებებით უნიკალური ადამიანია, უნდა წავიდეს, იყაროს კენჭი და ჩვენს ძველ სტუმარ ჭიაბერაშვილს, ფარულავას და სხვა ბევრ ადამიანს არჩევნების გარეშე ეპატიჟება.
ძნელი მოსანელებელი აღმოჩნდა ხაბეიშვილი ქართული საზოგადოებისთვის და ამას სჭირდება გარნირი.
ჩვენ არ მოგვკლავს კრიზისი - მოგვკლავს კრიზისის უგულებელყოფა.
პარტია უნდა იმართებოდეს სამართლიანად - რატომ არ იცოდა პოლიტიკურმა მდივანმა, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღბეული და ადამიანი უნდა გაერიცხათ?! - რადგან ეს გადაწყვეტილება ქვეყნის გარედან მოუვიდა ადამიანს და შეასრულა ისე, როგორც შეეძლო - საშინლად უგემოვნოდ, სამარცხვინოდ და ქართული პოლიტიკური სივრცის შეუსაბამოდ.
გიორგი მუმლაძე ყველაზე მეტად იყო დაპირისპირებული წინა მენეჯმენტთან, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, ერთსა და იმავე აზრამდე მივედით, რადგან ეს ადამიანი ერთი დიდი კედელია საღ აზრსა და ენმ-ის დღევანდელ მდგომარეობას შორის. ურემი იმიტომ უნდა გადააბრუნო გზიდან, რომ რაღაც გამოჩნდეს.
ჩვენ არ ვამბობთ, რომ ლევან ხაბეიშვილი უნდა წავიდეს პარტიიდან ან პოლიტიკიდან - ის უნდა წავიდეს კონკრეტული თანამდებობიდან, რადგან არც განათლებით შეეფერება, არც პოლიტიკური აზრის ჩამოყალიბებით და არც იმით, სულ სხვის ნათქვამ დირექტივებს რომ ასრულებს.
ამ ადამიანებიდან თითქმის ყველა სამ-სამჯერ არის წასული პარტიიდან წასული და მობრუნებული. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მათი წასვლა პრინციპებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მათი უკან მოსვლის შემთხვევაში ყოველთვის ცხადი ხდებოდა მათი მოტივები",- განაცხადა გიორგი იმედაშვილმა.