თუ ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთობა და კოორდინაცია, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, ერთობა დგება საკვანძო საკითხების გარშემო თანხმობის საფუძველზე და შემდეგ ხდება მოქმედება და კოორდინაცია ეფექტური. - ამის შესახებ პარტია „ახალი"-ს ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

"ამ ერთობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხია ადგილობრივი არჩევნები. 
შექმნილ რეალობაში უარის თქმა ადგილობრივ არჩევნებზე ნიშნავს,  რომ პოლიტიკურ პარტიებს სჯერათ მოთხოვნის მიღწევის და არ იტოვებენ უკან დასახევ გზებს. 

ეს არის რეჟიმისთვის სრული წინააღმდეგობის გამოცხადება და არა იმის აღიარება რომ ოქტომბრამდე ვერ ათავისუფლებ პატიმრებს, ან ვერ ანიშნინებ არჩევნებს.
მედიასივრცე და საზოგადოებრივი ყურადღება კი მთლიანად დაუბრუნდება ძირითად საკითხებს, როგორც კი ოპოზიციიდან იქნება ერთი და მკაფიო პასუხი - უარი მონაწილეობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც დრო გავა, კითხვის აქტუალობა მხოლოდ გაიზრდება. 

როდესაც ვინმე ამბობს, რომ არჩევნები 6 თვეშია, თავად ხომ უკეთ იცის, არჩევნებში შესვლის გადაწყვეტილება მიიღება არა არჩევნების დღეს (6თვეში), არამედ ბევრად უფრო ადრე. 

თუ რამე აწყობს ახლა რეჟიმს, ამ საკითხზე ბუნდოვანება და განხეთქილებაა. 

ვითხოვდეთ ახალ არჩევნებს და ამის პარალელურად მკაფიოდ ვერ ვამბობდეთ, რომ არ გავალთ ადგილობრივ არჩევნებზე, ნიშნავს რომ ვუშვებთ პროტესტის მოთხოვნების არდაკმაყოფილებას და ვიტოვებთ უკან დასახევ გზას. 
ვაკეთებთ დაშვებას, რომ ვიბრძოლებთ არა გამარჯვებისთვის, არამედ პარტიული თვითგადარჩენისთვის. 
თუ ცვალებად გარემოში, დადგა ის მოცემულობა, რომ ყველა პატიმარი თავისუფალია და ახალი საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული, არავინ გვკითხავს რატომ შევედით ადგილობრივ არჩევნებში. 

შესაბამისად, მარტივი დათქმით თუ/სანამ პროტესტის მოთხოვნები არ შესრულდება, არ შევდივარ ადგილობრივ არჩევნებში, ამოწურავდა საკითხს.

ამასთანავე, იმაზე აპელირება, რომ საკითხი ახლა არაპრინციპულია, არ არის სწორი, თუ არაპრინციპულია და ვინც ამ საკითხს არაპრინციპულად მიიჩნევს, შეუძლია დათმოს თავისი პოზიცია, ერთობის მისაღწევად. 
იმის თქმა, რომ რა დროს ამაზე საუბარია, ისედაც ყველა პარტია შეიძლება გააუქმონ, არასწორია. 
არასწორია ინიციატივას უტოვებდე რეჟიმს, ელოდებოდე გაგაუქმებენ თუ არა, შემდეგ წყვეტდე შეხვალ არჩევნებში თუ არა. 

თუ კოორდინაციის ერთ-ერთ მიზნად დღის წესრიგის შექმნას ასახელებ, უნდა შექმნა დღის წესრიგი მძლავრი პოლიტიკური სვლებითა და გადაწყვეტილებებით და არა მიმდინარე მოვლენების კომენტირებით და რეჟიმის გადაწყვეტილებების მოლოდინით." - წერს ნიკა მელია "ფეისბუკში".