პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერა მასშტაბური იქნება, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ, ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, როგორ წავა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ნიკა გვარამიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ანა დოლიძის განცხადებაზე: „პრეზიდენტს შევთავაზეთ ფიზიკური მხარდაჭერა 29 დეკემბრის შემდეგ, მის გვერდით დგომა, აქ ყოფნა და სასახლიდან არგასვლა“.
„
„ანა დოლიძემ გაახმოვანა. ჩემი პერსონალური აზრია, რომ პრეზიდენტის მიმართ ეს მხარდაჭერა ძალიან მასშტაბური იქნება. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. მისი გადასაწყვეტია, როგორ წავა ეს ყველაფერი. ანას წინადადება იყო და მხარს ვუჭერ სრულიად იმას, რაც ანამ თქვა. რაც შეეხება იმას, რა მოხდება 29-მდე, სავარაუდოდ, ჩვენ გვექნება გარკვეული შეთანხმებები, რას ვგულისხმობთ დემოკრატიულ არჩევნებში და რა არის ის პირობები, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ გადაიხედება, რადგან არჩევნების შედეგი იყოს ლეგიტიმური და არა გადმოგდებული ხაფანგი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელშიც ჩვენ გავებმევით. ეს ვერ მოხდება და ამაზე ლიდერობასაც საქართველოში პრეზიდენტი აიღებს.
ის, რომ სალომე ზურაბიშვილი იბრძოლებს ბოლომდე, ამაში დღეს არ დავრწმუნებულვარ, ეს გაირკვა მანამდეც, მაგრამ, პირველ რიგში, ჩემთვის მისი ნიშანდობლივი გამოსვლა იყო და ვიტყოდი ისტორიული ტექსტიც, როცა საქართველოს ისტორიაში პირველად პრეზიდენტმა შეაფასა არჩევნები როგორც არალეგიტიმური და „არჩეული“ პარლამენტი როგორც არალეგიტიმური. ამის შემდეგ სრულიად გადასგები გახდა ყველაფერი. მაგრამ ჩვენ აქ არ ვართ „ქართული ოცნება“, ჩვენ აქ ვმსჯელობთ. წინადადებები, რომელიც კოლეგებისგან ისმის, არის იმიტომ, რომ ჩვენ აქ არ დავდივართ რაღაც ამბების მოსაყოლად ან ინსტრუქციების მისაღებად. ჩვენ მოვდივართ, რათა ვიმსჯელოთ მარტივი მიზეზის გამო, ამ ქვეყანაში ლეგიტიმური ჩარჩო პოლიტიკური მსჯელობებისთვის ამ შენობის გარდა აღარ არსებობს
ამასთან, საბჭო, რომელიც პოლიტიკოსებისგან იქნება დაკომპლექტებული და სავარაუდოდ, პრეზიდენტი ასევე შექმნის საზოგადოებრივ საბჭოს, მაგრამ ეს ამ წუთში ჩვენი განსახილველი არ არის, მისი საქმეა. ეს საბჭო იქნება ამ ავანგარდში ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღების. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ამაზე მუშაობა ისედაც დაწყებული გვქონდა, ისევე როგორც პრეზიდენტს და ამასთან დაკავშირებით შეთანხმებები შედგება. გარკვეულწილად წარმოდგენები ამ საბჭოს სადამფუძნებლო დოკუმენტზე უკვე შეიქმნა დღეს, გარკვეული დრაფტი უკვე არსებობს, თუმცა ბუნებრივია, პრეზიდენტმა ეს უნდა გაიაროს და ამის შემდეგ დავიწყებთ ფუნქციონირებას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.