სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა და თვითმმართველობის არჩევნებში შესვლის ღიად, თუ ნახევრად ღიად მსურველები, კონტექსტიდან ამოგლეჯილად აცხადებენ, თითქოს ანგარიში პროდასავლურ პარტიებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა და თვითმმართველობის არჩევნებში შესვლის ღიად თუ ნახევრად ღიად მსურველები, კონტექსტიდან ამოგლეჯილად აცხადებენ, თითქოს ანგარიში პროდასავლურ პარტიებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

ტყუილი ამბავია, მეგობრებო. სინამდვილეში, ანგარიშის იმავე და სხვა მუხლებში ნათლადაა მითითებული, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს შემდეგი პირობებით:

 გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო;

 მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია;

სრულფასოვანი საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგის უზრუნველყოფა;

შესრულებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს, როგორც ერთიანობის შანსი, სრულად ვეთანხმები. ოღონდ ეს სრული ბოიკოტის გამოცხადებაში და არმონაწილეობაში უნდა გამოიხატოს, ვიდრე ზემოთქმული პირობები არ დაკმაყოფილდება.

ამას დამატებული ჩვენი მყარი გადაწყვეტილება ახალი საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე.

არც ერთი ეს პირობა ამჟამად შესრულებული არ არის, პირიქით, საარჩევნო გარემო გაუარესდა.

აქვე ვიტყვი, რომ ვისურვებდი, ანგარიშის ეს მონაკვეთი ყოფილიყო უფრო მკაფიო, რათა არც თუ სინდისიერ წამკითხველსა და ინგლისურიდან მთარგმნელს ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არ მისცემოდა.

აქვე იმასაც დავამატებ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების საკითხზე პირდაპირი მოწოდებაც რომ იყოს მონაწილეობის თაობაზე (და ნამდვილად არ არის), კოალიცია ამ საკითხში სრულიად ჩამოყალიბებულია და არ აპირებს შესვლას წინასწარ გაყალბებულ და სამშობლოს დამაზიანებელ კამპანიაში. წერტილი.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ პრესრელიზი გამოაქვეყნა. პრესრელიზის თანახმად, „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დაბრუნებისკენ მოწოდებასთან ერთად, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხის და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ „2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, როგორც უკვე ნაჩვენები იყო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით“.