გუშინდელი ბრიუსელის სხდომის შემდეგ უკიდურესად არაინფორმირებული ოპტიმისტების გარდა, ალბათ, აღარავინ ელოდება კანდიდატის სტატუსს ფორმულით "მიუხედავად ყველაფრისა". - ამის შესახებ მსჯავრდადებული "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. 

"ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსზე უარსაც არ გვეტყვიან, გადაგვივადებენ პასუხს ერთი წლით და დაუკავშირებენ არჩევნებს. ამ გზით ანგარიშსაც გაუწევენ ქართველ ხალხს და იმასაც შეამოწმებენ, რას და როგორ "ვიმსახურებთ": თუ გვაქვს ძალა დავიცვათ დემოკრატია და დასავლეთი საკუთარ ქვეყანაში, მაშინ ბევრად მეტს ვიმსახურებთ, ვიდრე კანდიდატის სტატუსია და მივიღებთ კიდეც ამ "ბევრად მეტს". თუ ვერ დავიცავთ - "ვეფხისტყაოსნიდან" აფორიზმების, პირველი რესპუბლიკის და პირველი კონსტიტუციის პროგრესულობის, შესანიშნავი მიტინგების და გულისგანმგმირავი ფოტოების, სოციოლოგიური კვლევების შთამბეჭდავი შედეგების მოხმობით ევროპული პრივილეგიების მოთხოვნა არც სამართლიანია, არც სერიოზული და არც ლოგიკური. მით უფრო, როცა რადიოაქტიური რუსული ხელისუფლება გყავს.

საერთაშორისო პოლიტიკა და გეოპოლიტიკა "აქ და ახლა" მუშაობს და არა გუშინდელი, საუკუნის წინანდელი, ან ძველი წელთაღრიცხვის დამსახურებებით, ანდაც ხვალინდელი ან მომავალი დეკადების პროგნოზირებით. ეს უნდა გვესმოდეს, ამას უნდა შევეგუოთ, ამის შემხსენებლებს თავს კი არ დავესხათ, საქმეს მივხედოთ და შემოვლითი გზების ძიებას შევეშვათ.

რას იტყვის "ოცნების" პროპაგანდა, არარელევანტურია. ნებისმიერ ვითარებაში რამეს იტყვის. პასუხის გაცემა სჭირდება მაგას და არა წინასწარ ვიშვიში.

P.S. გუშინდელ სხდომაზე "ოცნების" ბანდერლოგებზე აღარაფერს ვიტყვი იმის გარდა, რომ ისინი წარმოადგენენ საქართველოს და ამას ჩვენი ფორმალური თანხმობით აკეთებენ. საიდანაც გინდა მიაბი ქოთანს ყური, ასეა ეს.
ნიკა #212" - წერს ნიკა გვარამია "ფეისბუკში".