2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმე განიხილება, სადაც მოკლული სამი ახალგაზრდიდან ერთ-ერთის - რომან სურმანიძის მამას, ოთარ სურმანიძეს უსმენენ.
ოთარ სურმანიძის განცხადებით, მან, საქმეზე მსჯავრდებულ ერთ-ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს, გიორგი დგებუაძეს, მეტსახელად „მასტერას“, სასამართლოზე ბოდიშის მოხდა სთხოვა და ესეც კი ვერ მიიღო.
„მანქანა რომ მანქანას დაეჯახება და შემთხვევით ადამიანი გარდაიცვლება, ამ მანქანის პატრონი თუ არა, მისი ვინმე მოვა და მოუსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და რაიმე შეღავათსაც გაუკეთებს. ამათგან, უბრალო ბოდიში მოვითხოვე და ისიც არ მომიხადა კაცმა სასამართლოზე. მე ვთხოვე [გიორგი დგებუაძეს] ბოდიში და არაფერი არ მიპასუხა“, - განაცხადა ოთარ სურმანიძემ.
ცნობისათვის: „ნავთლუღის სპეცოპერაცია" 2006 წლის 12 იანვარს ჩატარდა.
გამოძიების მაშინდელი ვერსიით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ციხიდან გაქცევის მცდელობა აღკვეთეს.
2012 წლის შემდეგ საქმეზე ახალი გამოძიების დაწყების შედეგად კი, "ნაცმოძრაობის" რამდენიმე მაღალჩინოსანს ბრალი განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ასევე ციხეში პატიმართა წამებისთვის წაუყენეს.
გამოძიების ვერსიით, დათა ახალაიამ საკონტროლო გასროლა სპეცოპერაციის შედეგად მოკლული შოთა გორგაძის, ხოლო გიორგი დგებუაძემ ("მასტერა") რომან სურმანიძის მისამართით განახორციელა.