24 თებერვალს წავალთ უკრაინაში, მივიღებთ მონაწილეობას უკრაინის რადაში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში და კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვეტყვით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„24 თებერვალს, ომის წლისთავის აღსანიშნად, უკრაინის რადამ სხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტიც მიიწვია. როგორც ცნობილია, რუსულმა ოცნებამ უარი თქვა ამ მოწვევაზე. მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს არის უკრაინასთან და მაშინ, როდესაც უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა ასევე არის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაც, რუსულმა ოცნებამ ამით კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის გულშემატკივრობს არა უკრაინის გამარჯვებას, არამედ არის მტრის, რუსეთის მხარეს. ამ უარით რუსულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მიყვება გეგმას, რაც ნიშნავს საქართველოს ჩამოშორებას ევროპული ღირებულებებისგან და ევროპული ოჯახისგან. ამ უარით რუსულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის არის რუსული ინტერესების გამტარებელი ამ ქვეყანაში. ამის საპირისპიროდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის და პარტიის შემადგენლობა, 24 თებერვალს წავალთ უკრაინაში, მივიღებთ მონაწილეობას უკრაინის რადაში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში და კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვეტყვით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის და მასთან ერთად იქნება ბოლომდე ამ ბრძოლაში. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გზებზე როგორ შეიძლება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადარჩეს. ამ ვიზიტით ჩვენ კიდევ ერთხელ ვეტყვით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ეს ხელისუფლება, არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ქართველი ხალხი და ქართული ოპოზიცია ვართ უკრაინელების გვერდით, ვგულშემატკივრობთ უკრაინის გამარჯვებას“, - განაცხადა ანა წითლიძემ.