ბიძინა ივანიშვილი არ არსებობს მიხეილ სააკაშვილის გარეშე, ისევე როგორც „ოცნება“ არ არსებობს „ნაცმოძრაობის“ გარეშე, ამიტომ ორივე უნდა დასრულდეს 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
„ოცნება“ ცრუობს, რეალურად მის ინტერესში არ არის „ნაცმოძრაობის“ დასრულება. რეალურად, ბიძინა ივანიშვილი სულდგმულობს სააკაშვილის არსებობით. დააკვირდებით, ალბათ, როგორც კი გაუჭირდება „ოცნებას“ ავტომატურად ინიშნება მიხეილ სააკაშვილის პროცესი, რომელსაც შესაბამისი ტრიბუნა ეძლევა პოლიტიკური კამპანიისთვის. „ოცნებას“ ის კი არ უნდა, რომ საგამოძიებო კომისია შექმნას და ჭეშმარიტება დაადგინოს, იმიტომ რომ თვითონ მონაწილეობენ ამ ყველაფერში. დანაშაულებისთვის არ უნდათ ამ ადამიანების გასამართლება, იცით, რამდენი კორუმპირებული, ე.წ. ფეოდალი ჰყავთ ახლა რეგიონში ე.წ. დელეგატებად წარდგენილი, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ დროსაც კორუმპირებულები იყვნენ და ახლაც კორუმპირებულები არიან?! მათი ინტერესი არის უბრალოდ საუბარი, რომ ხალხი შეაშინონ, რომ თითქოს „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდება. ბიძინა ივანიშვილი არ არსებობს მიხეილ სააკაშვილის გარეშე, ისევე როგორც „ოცნება“ არ არსებობს „ნაცმოძრაობის“ გარეშე, ამიტომ ორივე უნდა დასრულდეს 26 ოქტომბერს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.