სენატში გუშინ საქართველოს არჩევნებზე გამართული განხილვის პასუხად, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ იგეგმება უპრეცედენტო დაკვირვება ოქტომბრის არჩევნებზე, გაყალბების პრევენციისთვის და მოქალაქეთა არჩევანის დასაცავად, დღეს კობახიძემ არჩევნებით მანიპულირება დააანონსა. - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ვააქტიურებთ „არჩევნების დაცვის ჯგუფს“, რომლის მთავარი მიზანი გაყალბების ფაქტების გამოვლენა და ხმების დაცვაა.

ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მივაწვდით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საარჩევნო დარღვევებს, რასაც პერიოდულად, საზოგადოებასაც გავუზიარებთ, გავხდით საჯაროს და ამით ვუპასუხებთ კობახიძის და „ოცნების“ ტყუილებს.

რაც უფრო გაიზრდება პარტნიორების დახმარება არჩევნების დაცვის მიმარულებით, გაიზრდება ხელისუფლების ტყუილები, დეზინფორმაცია დასავლეთის წინააღმდეგ და კონსპირაციები „გლობალური ომის პარტიაზე“ ერთადერთი მიზნით: მიაღწიონ მანიპულირებული შედეგების ლეგიტიმაციას. აღნიშნულის ნათელი დასტურია დღეს კობახიძის რეაქცია.

შესაბამისად, ახლა თითოეული ადგილობრივი პოლიტიკური თუ სხვა მოქმედი პირის მთავარი ამოცანა არჩევნების დაცვა უნდა იყოს, რომლის გაყალბების კომპლექსური პროცესი „ოცნებას“ დიდი ხანია დაწყებული აქვს.

ვაფასებთ საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების არჩევნების დაცვისკენ მიმართულ ძალისხმევას და მზად ვართ მჭიდრო თანამშრომლობისთვის. - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.