დუშეთის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს. რაიონული სამსახურის პირველი ბრიგადა გამოძახებაზე იმყოფებოდა, როდესაც ახალი გამოძახება მიიღო, ლოზუნგით - სასუნთქ გზებში უცხო სხეული.

აღმოჩნდა, რომ უცხოელი ტურისტების ოჯახი სადილზე გზად მდებარე ერთ-ერთ რესტორანში შეყოვნდა. სადილობისას ახალგაზრდა ქალს მოულოდნელად რაღაც გადასცდა, როგორც შემდეგ გაირკვა, ხორცის ნაჭერი და დაეწყო ზედა სასუნთქი გზების სრული ობსტრუქცია - ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" აქვეყნებს. 

"ადგილზე მისულებს დაგვხვდა სრული პანიკა და დაბნეულობა. წამებში მოხდა პაციენტის მდგომარეობის შეფასება და დავიწყეთ ჰეიმლიკის მანევრის ჩატარება, რომელიც დაახლოებით 45-50 წუთი გაგრძელდა. აქვე უნდა აღვნიშნო კვების ობიექტის თითოეული წევრის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ჩართულობა. ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის", - აღნიშნავს ექიმი ლიანა ნათელაშვილი.

"ერთ-ერთი მანიპულაციის დროს პაციენტმა ხმის ამოღება შეძლო და ექიმო, მიშველეო - მომმართა. როგორც კი შევძელით პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურება, სასწრაფო წესით ჰოსპიტალიზაციის პროცესი დავიწყეთ. გადავიყვანეთ სასწრაფო დახმარების მანქანაში, ავიყვანეთ მონიტორზე და სტაბილურ მდგომარეობაში თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში შევიყვანეთ", - ამბობს ექიმი.

ლიანა ნათელაშვილის თქმითვე, აუცილებლად აღსანიშნავია მისი გუნდის წევრების, ექთან ეკატერინე გელოვანისა და სასწრაფო დახმარების მძღოლის დემურ გვრიტიშვილის მაღალი პროფესიონალიზმი. ამ უკანასკნელმა, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტისკენ მიმავალი გზა საცობის გამო თითქმის სრულად იყო პარალიზებული, შეძლო და ბრიგადის წევრები გამოძახების ადგილას ოპერატიულად მიიყვანა.