იტალიის ვიცე პრემიერის პასუხმა ჟურნალისტის კითხვაზე, რას იტყოდა იგი საფრანგეთის პრეზიდენტის წინადადებაზე უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ, საფრანგეთის გაღიზიანება და პასუხად საფრანგეთში იტალიის ელჩის დაბარება გამოიწვია.

იტალიის ვიცე-პრემიერს, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრს და პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერს, მატეო სალვინის,  მილანში, ვია ბოლაზე, ალერის საცხოვრებელი სახლების ინსპექტირების დროს ჟურნალისტმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანულ მაკრონის უკრაინაში ევროპული ჯარების გაგზავნის შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვა. 

„მილანში იტყოდნენ: taches al tram (ჩამოეკიდე ტრამვაის*). წადით თუ გსურთ. დაიხურეთ ჩაფხუტი, ჩაიცვით ჟილეტი, აიღეთ ხელში შაშხანა და გაემგზავრეთ უკრაინაში“, - უპასუხა ვიცე-პრემიერმა და განაგრძო:

„ვფიქრობ, რომ ტრამპი, თავისი ზოგჯერ, ერთი შეხედვით, მკვეთრი ან არატრადიციული მეთოდებით, წარმატებას აღწევს იქ, სადაც ყველა დანარჩენი ჩაფლავდა: ის პუტინს და ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან აბრუნებს. ეს წლებია არ მომხდარა და შემდეგ მათ თავად მოუწევთ გადაწყვიტონ, სად შეხვდნენ ერთმანეთს. ევროპული არმიები, ევროპული გადაიარაღება, საერთო ევროპული ვალები რაკეტების შესაძენად ან სხვადასხვა „მაკრონატები“ (macronate არის იტალიური ვარიანტი ახალი უკრაინული სლენგური სიტყვის: макронiть. უკრაინელები იყენებენ იმ ადამიანთან მიმართებით, რომელიც მოჩვენებით წუხს, დახმარებისთვის კი არაფერ რაიმე არსებითს არ აკეთებს - „აიპრესი“) კი აშკარად მოძველებულია“.

სალვინი ასევე შეეხო ზელენსკის, პუტინის და ტრამპის სამმხრივ შეხვედრას და განაცხადა:

„არ ვიცი, ნამდვილად გაიმართება თუ არა ეს ბუდაპეშტში, უკეთური ორბანის, სუვერენიტეტისტი ორბანის, სალვინის და ლე პენის მოკავშირე ორბანის სამშობლოში. თუ მშვიდობა მათგან მიიღწევა, ვინც მემარცხენეებისთვის ცუდია, ქუდები უნდა მოვიხადოთ. ასე რომ, ნუ შევუშლით ხელს მათ, ვინც მშვიდობისთვის იბრძვის. ომის მომხრეები ჩუმად უნდა იყვნენ“.

სალვინის ამ განცხადების შემდეგ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს. სამინისტრო ამ განცხადებებს მიუღებელს და პარიზსა და რომს შორის არსებული „ნდობისა და ისტორიული ურთიერთობების კლიმატისთვის შეუსაბამოს“ უწოდებს.



*taches al tram - ეს გამოთქმა მილანში ტრამვაის პირველი ხაზების გაყვანის დროს დამკვიდრდა. ადამიანები, რომლებიც ტრამვაის ვაგონში ასვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან ადგილი აღარ იყო, არცთუ იშვიათად, სამსახურში (ან რაიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე) რომ არ დაეგვიანათ, ტრამვაის ვაგონის უკან არსებულ პატარა შვერილზე შემხტარი და რაიმეს ჩაჭიდებულები მგზავრობდნენ. ძველად თბილისშიც იტყოდნენ ხოლმე, ტრამვაის (ტროლეიბუსს) იყო ხალხი ჩამოკიდებულიო. სალვინი ამ სიტყვებით ირონიულად მიანიშნებს, ხალხი იმდენია, უკვე ადგილი აღარაა და მაკრონს ტრამვაის ვაგონზე ჩამოკიდებულს მოუწევს მგზავრობაო (აიპრესი“).