„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
ადმინისტრაციის განმარტებით, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო შესაბამისი თანამდებობის პირებისთვის, მკაცრად დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, უწყებებისთვის კანონით გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდიდან გაიცემა.
„ბიუჯეტიდან ამ პროექტის რეალიზაციას დამატებით არცერთი თეთრი არ სჭირდება. საუბარია ყველა ორგანიზაციისთვის კანონით გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში ჯილდოს ან დანამატის გაცემაზე კონკრეტული თანამდებობის პირებისთვის და ისიც მხოლოდ მკაცრად დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევებში, როგორებიცაა, მაგალითად, ზეგანაკვეთური სამუშაო, განსაკუთრებული სირთულის დავალების წარმატებით შესრულება და სხვა“, – აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.










