2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დამარცხებული პოლიტიკური პარტიების მომხრეები ცალკეულ საარჩევნო ოლქებში არჩევნებში მონაწილეთა და ამავე ოლქებში სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით მცხოვრებ საარჩევნო ასაკის მოქალაქეთა შორის განსხვავებას არჩევნების გაყალბების უტყუარ მტკიცებულებად წარმოჩენას შეეცადნენ და ცესკოს განმარტების მიუხედავად, ამ კამპანიის გაგრძელებას ამ დრომდე ცდილობენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ოლქში აღრიცხულ ამომრჩეველთა რაოდენობა სტატისტიკის სამსახურის მიერ იმავე ოლქში მცხოვრებლად აღრიცხულ საარჩევნო ასაკის მოქალაქეთა რაოდენობას რომ არ შეიძლება დაემთხვეს ამ სამსახურების მიერ დათვლის სხვადასხვა მეთოდის გამოყენების გამო, ამის შესახებ განმარტებები შესაბამისი პირების მხრიდან უკვე გაკეთდა, „აიპრესმა" კი ამ მხრივ მოლდოვის რესპუბლიკაში არსებული სიტუაციის შესახებ მონაცემების ანალიზი ჩაატარა.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მოყვანილი მონაცემებიდან ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ხუთი ერთმანეთისგან სხვა ოლქით გამიჯნული ოლქის მონაცემების ამოკრეფით ასეთი სურათი გვაქვს:



დროკიის საარჩევნო ოლქში 29 794-მა კაცმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა კი 45,61% იყო. მაშასადამე, ოლქში საარჩევნო ასაკის მოქალაქეთა რაოდენობა, ცესკოს მიხედვით, 65 323 კაცია. 


სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად (ბმულზე მითითებულია შესაბამისი ექსელის მისამართი), აღნიშნულ ოლქში მცხოვრებთა რაოდენობა 2024 წლის პირველი იანვრისთვის 56 746-ს შეადგენდა არასაარჩევნო ასაკის პირთა ჩათვლით



ტელენეშტის საარჩევნო ოლქში 23 791-მა კაცმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ამომრჩეველთა აქტივობა კი 44,64% იყო. მაშასადამე, ოლქში საარჩევნო ასაკის მოქალაქეთა რაოდენობა, ცესკოს მიხედვით, 53 295 კაცია.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად კი აღნიშნულ ოლქში მცხოვრებთა რაოდენობა 2024 წლის პირველი იანვრისთვის 41 620 იყო არასაარჩევნო ასაკის პირთა ჩათვლით.


კიშინიოვის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქში (მოიცავს კიშინიოვს, რამდენიმე ქალაქს და რამდენიმე სოფელს) 379 554-მა კაცმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ამომრჩეველთა აქტივობა კი 56,35% იყო. მაშასადამე, ოლქში საარჩევნო ასაკის მოქალაქეთა რაოდენობა, ცესკოს მიხედვით, 673 565 კაცია.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ ოლქში მცხოვრებთა რაოდენობა 2024 წლის პირველი იანვრისთვის 665 461 იყო არასაარჩევნო ასაკის პირთა ჩათვლით.


ჩიმიშლიის საარჩევნო ოლქში 19 240-მა კაცმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ამომრჩეველთა აქტივობა კი 39,95% იყო. მაშასადამე, ოლქში საარჩევნო ასაკის მოქალაქეთა რაოდენობა, ცესკოს მიხედვით, 48 160 კაცია.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ ოლქში მცხოვრებთა რაოდენობა 2024 წლის პირველი იანვრისთვის 30 804 იყო არასაარჩევნო ასაკის პირთა ჩათვლით.


ტარაკლიის საარჩევნო ოლქში 16 796-მა კაცმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ამომრჩეველთა აქტივობა კი 50,19% იყო. მაშასადამე, ოლქში საარჩევნო ასაკის მოქალაქეთა რაოდენობა, ცესკოს მიხედვით, 33 464 კაცია.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ ოლქში მცხოვრებთა რაოდენობა 2024 წლის პირველი იანვრისთვის 29 623 იყო არასაარჩევნო ასაკის პირთა ჩათვლით.


ზემომოყვანილი მონაცემები ცხადყოფს, რომ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა ამავე საარჩევნო ოლქებში სტატისტიკის სამსახურის მიერ აღრიცხულ მცხოვრებთა (არასაარჩევნო ასაკის ჩათვლით) რაოდენობაზე მნიშვნელოვნად მეტია.