ყველა სამხედრო კონფლიქტის იდეა-განზრახულება მონაწილეების მხრიდან ის არის, რომ რაც შეიძლება, მეტი მოკავშირე ჩართოს თავის მხარეს და მეტი გადაკიდოს თავის მოწინააღმდეგეს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პოლიტიკის ანალიტიკოსმა მირიან მირიანაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო რომ აღარ არის რუსეთთან დაპირისპირების ავანგარდში, ეს ძალიან ბევრს არ მოსწონს.
„ძალიან ბევრი, რაც ჩანს პირდაპირ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის დაპირისპირების ვიზუალს მიღმა, ჩვენ წარსულში უნდა მოვიაზროთ. ჩვენ - ქართველები რუსეთთან დაპირისპირების ავანგარდში არ ვიყავით? ეს ბევრს არ მოსწონდა? ეს ფაქტი არ არის? ესეც ხომ ერთ-ერთი ელემენტია. ამაში ჩვენი ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მოიაზრება ამ პოლიტიკური კურსის ავტორად, დამნაშავე კი არ არის, ეს რეალობაა. საქართველო რომ აღარ არის ამ დაპირისპირების ავანგარდში, ეს ძალიან ბევრს არ მოსწონს. ცოდვა გამხელილი სჯობს. რუსეთი, რომლის დომინაცია ჩვენ პრობლემას გვიქმნის ისტორიულად და ახლა განსაკუთრებით, სადღაც სხვაგან რომ შეიჭრას, თუნდაც ბალტიისპირეთში, ეს ჩვენ გულის სიღრმეში არ უნდა გაგვიხარდეს? ან ბალტიისპირეთი რომ ჩართოს ვიღაცამ რუსეთთან ომში, ეს ჩვენ არ უნდა გაგვიხარდეს? იგივე რომ საქართველოსთან მიმართებაში ვინმეს გასვლოდა, რა არის ამაში გაუგებარი. გერმანიას არ უნდოდა, რომ ვიღაც ამერიკის წინააღმდეგ ომში ჩაერთო? ყველა სამხედრო კონფლიქტის იდეა-განზრახულება მონაწილეების მხრიდან ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი მოკავშირე ჩართოს თავის მხარეს და მეტი გადაკიდოს თავის მოწინააღმდეგეს“, - აღნიშნა მან.




