ამდენი ხანია ვიცნობთ ალეკო ელისაშვილს. რა თქმა უნდა ვერასდროს წარმოიდგენ, ასეთი წარსულის ადამიანი, რომელიც პოლიტიკოსი იყო, ჟურნალისტი, აღტყინებული, პატრიოტი, ოჯახი, ურთიერთობები და ასეთ საქციელს სჩადის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, სპეციალურად ხდება მწერლების, პოეტების და ასეთი ადამიანების „დამუშავება“.

„ჩვენმა სახელმწიფომ ხუთი, თუ ოთხი რევოლუციის მცდელობა აღკვეთა. წარმოიდგინეთ, ჩემი კოლეგა იყო პარლამენტში, ამდენი ხანია ვიცნობთ ალეკო ელისაშვილს. რა თქმა უნდა ვერასდროს წარმოიდგენ, ასეთი წარსულის ადამიანი, რომელიც პოლიტიკოსი იყო, ჟურნალისტი, აღტყინებული, პატრიოტი, ოჯახი, ურთიერთობები და ასეთ საქციელს სჩადის. კითხვა იბადება, რას უნდა უკავშირშირდებოდეს, რამ განახორციელებინა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი?! თუ სიღრმისეულად ჩავხედავთ, ვის მიერ იგეგმება და არაერთხელ გვისაუაბრია აკერმანის ტრენინგებზე, სხვა კი არაფერი ხდება.

პირდაპირი მაგალითია ფიცოს დაჭრა. ვინ დაჭრა, ისიც გვახსოვს. სპეციალურად ხდება ასეთი პერსონაჟების მოძიება. დაქირავებული მკვლელი უკვე თვალშისაცემია და ვერ დამალავ ამ პროცესს, მაგრამ გაბრაზებულ და დამუშავებულ აქტივისტებს [დამალავ]. სპეციალურად ხდება მწერლების, პოეტების და ასეთი ადამიანების „დამუშავება“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.