როგორ შეიძლება, ამბობდე, რომ ხარ ევროპელი და ამ დროს ბოიკოტს უცხადებ სამუშაო პროცესს. როგორც „ლელო" მოიქცა, ეს არის ბრძოლის ველიდან გაქცევა, - ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ „ლელოს“ ბოიკოტს.

„თუ რამ სათქმელი აქვს, უნდა მოვიდეს და თქვას. ის ცდილობს შემოიფარგლოს მშრალი ბრალდებებით, რომელსაც არ მოჰყვება კონკრეტული არგუმენტაცია. მათ უნდათ რომ როლი მოირგონ მაგრამ სრულიად საპირისპირო აკეთონ“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ოპოზიციამ სრული რესურსი გაფლანგა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ვერ მიეღო.

„დადიოდნენ და ამბობდნენ, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, თან ამის ღიად თქმის რცხვენოდათ და ამბობდნენ, რომ ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება არაო. ამ ხელის შეშლის მიუხედავად ქვეყანამ შეძლო და კანდიდატის სტატუსი მიიღო. მე მგონია, რომ საზოგადოება ოპოზიციის ჩანაფიქრს კარგად მიხვდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ვერ შეძლებდა, ამაში პასუხისმგებელ პირად ხელისუფლებას გამოაცხადებდნენ და შემდეგ წინასაარჩევნო არგუმენტად ამას გამოიყენებდნენ, მაგრამ ეს ვერ შედგა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროკომისიის 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა 29 იანვარს გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. „ლელომ“ ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა.