„კატეგორიულად მიუღებელია იმ ადამიანების დემონიზება, ვინც დედაქალაქში, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდა. არავინ გაბედოს, შეურაცხყოფა მიაყენოს რომელიმე მათგანს. ასეთი რამ არავის ეკადრება, არ ეკადრება, პირველ რიგში, პრეზიდენტს და შემდეგ, ყველას, ვინც თავს უფლებას აძლევს და აკეთებს დასკვნებს, რომ საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლებს მეტი უფლება აქვთ, ვიდრე - სხვას. და მეორე - არავინ დააბრალოს აქ მდგომ არცერთ ადამიანს, თითქოს, ის იძულებით არის ჩამოყვანილი და საკუთარი აზრი და ღირებულებები არ გააჩნია. ეს უსინდისობაა, სხვას ყველაფერს თავი რომ თავ დავანებოთ“, - განაცხადა რუსთაველის გამზირზე, საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეკრების მონაწილეთა მთავარი სათქმელი არის ის, რომ ქართული ერი ერთიანია, ერთიანია არა მხოლოდ მამულის და ენის, არამედ - სარწმუნოების ირგვლივაც. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ქართველი ერი, კვლავაც ერთგულია იმ ღირებულებებისა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა ეფუძნება.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, ილია ჭავჭავაძის დანატოვარი არის ენა, მამული და სარწმუნოება და სწორედ ამ სამ ცნებაზეა დაფუძნებული ქართველი ხალხის ეროვნული იდენტობა.
„როდესაც საზოგადოებისა და მთელი ქვეყნის სახელით საუბრობენ ადამიანები, ვისთვისაც მხოლოდ მამული და ენაღა შემორჩა, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ეს ფასეულობათა აღრევასთან დაკავშირებით საფრთხის განცდას იწვევს. ბუნებრივია, რომ ქართული საზოგადოება ყოველთვის იდგება ამ ღირსების დასაცავად. სწორედ დიდი ილია არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად გამოკვეთა ის ღირებულებები, რომლის სისტემაზეც დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის იდენტობა და მაშასადამე, ჩვენი ქვეყნის ევროპელობაც. თუ ამას არ გავუფრთხილდით, თუ ეს დავკარგეთ, ასეთ შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. აქედან გამომდინარე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, თუკი ჩვენ გვინდა ევროპელობა, ჩვენ უნდა ვიყოთ ქართველები. ქართველობა კი ილიას დანატოვრის ერთგულებას ნიშნავს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დღეს, პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყო. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი. სიტყვით გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
შეგახსენებთ, 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
რის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს .
აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
ასევე, ევროპარლამენტარები მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
ცნობისთვის, 2024 წლის 3 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო რაც დღემდე გრძელდება