"ამას წინათ, ერთმა პოლიტიკოსმა თქვა, სააკაშვილს წარსულის ტრავმები აწუხებსო. წარსულის ტრავმები აწუხებს იმას, ვისაც წარსულზე ლაპარაკი არ შეუძლია და ამას თავს არიდებს. მე კი ვამაყობ ჩვენი წარსულით"- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„ამას წინათ, ერთმა პოლიტიკოსმა თქვა, სააკაშვილს წარსულის ტრავმები აწუხებსო. წარსულის ტრავმები აწუხებს იმას, ვისაც წარსულზე ლაპარაკი არ შეუძლია და ამას თავს არიდებს. მე კი ვამაყობ ჩვენი წარსულით. სულ ამას ტირაჟირებენ, 2008 წელს საქართველომ წააგო ომი, საქართველომ დათმო ტერიტორიები, სააკაშვილმა გაუფორმა ტერიტორიების 20 პროცენტიო. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით იყო. „მაწვებოდნენ“, ხელი მომეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე და ჩვენი ტერიტორიების სტატუსი ღიად დამეტოვებინა. პუტინი და სარკოზი ერთად მაწვებოდნენ და მეუბნებოდნენ, მომკლავდნენ, თუ ამას ხელს არ მოვაწერდი. სარკოზი მეუბნებოდა პუტინის გადმოცემულს. ჩვენ ამას ხელი არ მოვაწერეთ. ხელი მოვაწერეთ ძალიან კარგ შეთანხმებას, რომლითაც რუსეთს ჯარი უნდა გაეყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მათ ეს არ შეასრულეს იმის გამო, რომ ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ. ივანიშვილის რეჟიმს მიეცა საშუალება, საერთოდ აღარ ილაპარაკოს იმ ხელშეკრულების შესრულებაზე. პირიქით, აქეთ დაგვადანაშაულოს რაღაც მითიური ტერიტორიების დათმობაზე. სინამდვილეში, 2008 წელს რუსეთმა კატასტროფული მარცხი განიცადა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვა.