საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 500 000 ლარი თელავში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება, - ამის შესახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღდგება თელავის ხევის მიმდებარედ დაზიანებული ინფრასტრუქტურა, რაც მოიცავს გზების, სკვერების, გარე განათების ქსელის რეაბილიტაციას.
ამასთან, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი თანხა ასევე მოხმარდება მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის სათავე ნაგებობებისა და გამანაწილებელი ქსელის აღდგენას.
„სამუშაოები ჩატარდება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, იმისათვის, რომ ქალაქად თუ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას დავუბრუნოთ აღდგენილი, სრულყოფილი ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ.








