აშშ-ის თეთრმა სახლმა ანგარიში "The Great Transshipment Scam" გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთი ტრამპის მიერ დაწესებულ მაღალ საბაჟო ტარიფებს მესამე ქვეყნების გამოყენებით უვლის. რისკ-ქვეყნების სიაში საქართველო და აზერბაიჯანიც მოხვდნენ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩინური საქონელი პირდაპირ აშშ-ში შემოტანის ნაცვლად, ჯერ სხვა ქვეყნებში შედის, იქ „წარმოშობას იცვლის" და შემდეგ უკვე იმ ქვეყნის პროდუქტის სახელით შედის ამერიკულ ბაზარზე. ამ გზით თავს არიდებს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ მაღალ საბაჟო ტარიფებს.
Tier 3 - „ჩინეთის მცირე, ოპორტუნისტული სამიზნეები"
ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია. ამ კატეგორიაში შედის პატარა ეკონომიკის ქვეყნები, სადაც თაღლითური გადაზიდვების აბსოლუტური მოცულობა დაბალია, მაგრამ არსებობს კონკრეტული „სუსტი რგოლები".
ამ ჯგუფში მოხვდნენ „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ქვეყნები: აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, ყაზახეთი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „აზერბაიჯანი და საქართველო უზრუნველყოფენ ტრანზიტს რკინიგზით და მშრალი პორტებით, კონსოლიდაციას და სახმელეთო-საზღვაო კავშირს".
ანგარიშში აღნიშნულია, რომ აშშ შეშფოთებულია რისკ-ქვეყნებში ჩინური საქონლის უკანონო გადამისამართების გამო და აცხადებს, რომ მონიტორინგს გააგრძელებს.
წყარო: The White House, The Great Transshipment Scam
მოამზადა რაულ კაპანაძემ




