„გავიხსენოთ დონალდ ტრამპი რას ამბობდა ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოსა და ჩემზე 2011-2012 წლებში. ის ამბობდა, რომ სააკაშვილი არის ნამდვილი ხატება, მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი, სააკაშვილი არის მსოფლიოში ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან და საქართველო არის ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი. - ამის შესახებ საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეში ბრალდებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
"დონალდ ტრამპი ხუმრობდა – კარგია, რომ სააკაშვილს არ შეუძლია კენჭისყრა ამერიკაში პრეზიდენტად, თორემ მე კონკურენცია შემექმნებოდაო. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ამას ამბობდა ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი, რომელიც არ იცვლის ხოლმე შეხედულებებს.
ამას ამბობდნენ ესენი და ერთი ნაწილი ცდილობს, სწორედ იმისთვის ჩემს დასჯას, რაზეც მაქებდა ტრამპი, ხოლო მეორე ნაწილი ცდილობს, ამის მიჩუმათებას. არც ერთი გამოგივათ და არც მეორე. თქვენ შეგიძლიათ, ფიზიკურად გააგრძელოთ ჩემი განადგურება, მაგრამ ვერ შეძლებთ ჩემი სულის გატეხვას, ვიბრძოლებ ამ რეჟიმის ბოლომდე, ვიბრძოლებ გამარჯვებამდე, საქართველოს გათავისუფლებამდე. დღეს დგას საქართველოს გათავისუფლების საკითხი, საქართველოს სჭირდება ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა. ის უკვე შექმნილია, ძალიან საამაყო ახალგაზრდებს ძალიან მაგარი იდეები აქვთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.