ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მეგის ქარდავა ღირსების ორდენით და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით ჰყავს დაჯილდოებული.

პირველად, 2010 წლის 20 დეკემბრის №1168 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი მეგის ქარდავას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადაეცა.

განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს მეგის ქარდავა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების სამმართველოს უფროსად მუშაობდა. ღირსების ორდენი მიხეილ სააკაშვილმა მეგის ქარდავას 2012 წელსაც გადასცა.

როგორც 2012 წლის 19 მაისის, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის №19/01/05 განკარგულებაშია აღნიშნული, ღირსების ორდენი მეგის ქარდავას, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის გადაეცა.

განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს მეგის ქარდავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. 

P.S "აიპრესის" რედაქცია განმარტავს, რომ ნიუსის თავდაპირველ ვერსიაში სათაურსა და ლიდში ეწერა, მიხეილ სააკაშვილმა მეგის ქარდავა ღირსების ორდენით ორჯერ დააჯილდოვა. რედაქცია ბოდიშს იხდის უზუსტობისთვის და განმარტავს, რომ მეგის ქარდავამ მიხეილ სააკაშვილისგან ორჯერ მიიღო სახელმწიფო ჯილდო.