„სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიზანია, ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად განიხილოს მედიკამენტების ფასწარმოქმნის პროცესი. 2023 წლიდან რეფერენტული ფასების პროგრამა ხორციელდება და გვინდა, თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ, რამდენად წარმატებულია აღნიშნული პროგრამა“, - განაცხადა პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა კომისიის დღევანდელი სხდომის დასაწყისში. 

მისი თქმით, კომისიისთვის ასევე საინტერესოა გაიგოს, დამატებით რა შესაძლებლობები არსებობს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ საუკეთესო პროდუქტი საუკეთესო ფასად მიიღოს.

დროებითი კომისიის სხდომაზე მიწვეულმა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთა ხვედრითი წილი საქართველოს მედიკამენტების ბაზრის 80%-ს შეადგენს, მედიკამენტების, ჰიგიენური და თავის მოვლის საშუალებების და ბავშვთა კვების პროდუქტების ფასწარმოქმნის სტრუქტურაზე, სააფთიაქო ქსელების მართვის საკითხებსა და რეალიზებული მედიკამენტებიდან სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეფერენტული ფასების წილობრივ მაჩვენებლებზე ისაუბრეს.

„პსპ ფარმას“, „ავერსი-ფარმას“, „გეფას“ და „იმპექსფარმის“ წარმომადგენლებმა კომისიის წევრებს რეფერენტული ფასების მოდელის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. როგორც მათ აღნიშნეს, პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და თუ დღეს რეფერენტული ფასები მედიკამენტების დაახლოებით 70%-ს მოიცავს, მისი გაზრდის შემთხვევაში, კომპანიების მხრიდან პრობლემა არ შეიქმნება. კომისიის სხდომაზე მიწვეულმა სტუმრებმა როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ოდენობებზე, მათ ხარისხსა და სააფთიაქო ქსელებში რეალიზებიდან მიღებულ შემოსავლებზე ისაუბრეს.

რაოდენობის გაზრდა შესაძლებელია. ვმუშაობთ, რომ 7000 მედიკამენტიდან რაოდენობა უფრო მეტად გაიზარდოს და სრულად, 100% მოიცვას. რაც შეეხება ბავშვთა კვების მიმართულებას - მნიშვნელოვანია, რომ აქაც გვაქვს გარკვეული მექანიზმები, რომლის წარმატებით ამოქმედების შემთხვევაში, შეიძლება ხელშესახები შედეგები მივიღოთ. მივესალმებით ფარმაცევტული კომპანიების იდეას, რომელიც მწარმოებლებისგან პირდაპირ შესყიდვებს უკავშირდება, რაც ფასწარმოქმნის ჯაჭვს მნიშვნელოვნად დაამოკლებს. პარლამენტი მზად არის ამ ნაწილში შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმაროთ და გვერდში დაგიდგეთ“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შეხვედრები დაასრულა და ამ ეტაპზე, მედიკამენტების ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით, შესაბამის სუბიექტებთან მართავს შეხვედრებს.