“ქართულ ოცნებაში“ ცესკოს თანამშრომლებზე განხორციელებულ ზეწოლას ეხმაურებიან.
“ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ცესკოს თავმჯდომარის მიერ დასახელებულ ფაქტებზე, სადაც გიორგი კალანდარიშვილი, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებებზე საუბრობდა, გამოძიება უნდა დაიწყოს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ მცდელობა, რომელიც ცესკოს წინააღმდეგაა მიმართული, ფიასკოსთვისაა განწირული.
“ცესკოს მიმართ ზეწოლა და ბულინგი არ არის ახალი მოვლენა. თვეების განმავლობაში, ჩვენ ვაკვირდებით მოცემულობას, როდესაც საკმაოდ მიზანმიმართულად, რადიკალები ცდილობენ ცესკოს, მისი თავმჯდომარის, მისი თანამშრომლების რეპუტაციისადმი რაიმე ჩრდილის მიყენებას, თუმცა რეალობა არის აბსოლუტურად სხვა. ცესკო საქართველოში არის მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ორგანო.
ყველა ასეთი მცდელობა ფიასკოსთვის არის განწირული. რეალურად არანაირი შანსი რადიკალურ ოპოზიციას, რომ რაიმე ფორმით ცესკოს საქმიანობას ჩრდილი მიაყენოს, არ აქვს,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.