ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის, მწვანე ენერგეტიკის, ენერგოეფექტურობის, ციფრული ტრანსფორმაციის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, აგრეთვე მდგრადი ტურიზმისა და განათლების საკითხები.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაერო-სთან თანამშრომლობის ჩარჩო პროგრამით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე. კერძოდ, საუბარი წარიმართა უფრო ეფექტურ ურთიერთობებზე ორგანიზაციის სხვადასხვა სააგენტოსთან ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაერო-ს მეტ ჩართულობაზე შუა დერეფნისა და ზოგადად, ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში როგორც არსებული ინფრასტრუქტურის, ისე ახალი შესაძლებლობების განვითარების კუთხით. მათ შორის, აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, რკინიგზის მოდერნიზების პროექტზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე და სხვ.
მხარეებმა ასევე განიხილეს გაერო-სთან თანამშრომლობა მწვანე ენერგეტიკის სექტორში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დარგში ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, მწვანე წყალბადის წარმოების განვითარებაზე, ასევე ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების სისტემის დანერგვასა და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ხაზი გაესვა მწვანე ენერგიის ტრანსმისიის პროექტის განვითარებას, რომლის მეშვეობითაც საქართველოს გავლით, სამხრეთ კავკასიის ელექტროენერგეტიკული სისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია პროექტში მონაწილე ყველა მხარისთვის“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით.
შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი.











