ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელ პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრის შემდეგ, სადაც საუბარი შედგა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლისის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ მისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები გაგვეცნო. ის ასევე იმყოფებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე, სადაც ადგილზეც გაეცნო მიმდინარე პროგრესს და იმ გეგმებს, რაც სახელმწიფოს ამ პროექტის განვითარებასთან მიმართებაში აქვს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის დელეგაციას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან როლს შუა დერეფნის მარშრუტში, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ დარგს, მათ შორის როგორიცაა – ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და სხვა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა დიდი სურვილი და დადებითი მოლოდინები ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის თაობაზე, რაც დადებითად აისახება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში არსებობს ზემოაღნიშნულ სექტორებში, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ პროექტებში, როგორიცაა – საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის, ახალი საერთაშორისო აეროპორტის და ასევე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტები. რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.