სააკაშვილის განცხადების შეფასება უკვე თავს ზემოთ ძალის პოვნის ტოლფასია. არასერიოზული კაცია. არ მგონია, რომ უნდა შევაფასოთ [მისი განცხადებები]. სისულელეებს იგონებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თქმით, რუსული რეჟიმი საქართველოში არჩევნების და ეკლესიაში გადატრიალებისთვის ემზადება.

„სააკაშვილის განცხადების შეფასება უკვე თავს ზემოთ ძალის პოვნის ტოლფასია. არასერიოზული კაცია. არ მგონია, რომ უნდა შევაფასოთ [მისი განცხადებები]. სისულელეებს იგონებს, გამოდის და სისულელეებს ჰყვება და ამის საშუალებას აძლევენ. კომენტარს მიღმაა მისი არაადეკვატურობა. სააკაშვილი და სალომე ზურაბიშვილი უტევენ ამ ეკლესიას და ცდილობენ, რომ ეკლესიასთან დაკავშირებით რაღაცები მოიგონონ“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, უსაფუძვლოდ ხომ არ გააკეთებდა ამ განცხადებას სააკაშვილი, მდინარაძე ამბობს, რომ მისი განცხადებების აღარავის სჯერა.

„როგორ იკადრებდა?! „ტვ პირველი“ მეკითხება, სააკაშვილი უსაფუძვლოდ ხომ არ გააკეთებდა ამ განცხადებასო და რადგან თქვენ ასე გჯერათ სააკაშვილის, მოდი სხვას დავუგდოთ ყური, ვისაც აღარ სჯერა. არავის სჯერა უკვე სააკაშვილის. როგორ შეიძლება სააკაშვილის ნალაპარაკევს ასე ენდოს „ტვ პირველი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მიხეილ სააკაშვილი: რუსული რეჟიმი აქტიურად ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის - ისინი უახლოეს ხანებში ამზადებენ საბოლოოდ გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში