საზოგადოებას მკაფიოდ უნდა ვაჩვენოთ, რისკენ გვიბიძგებდნენ და რა უნდათ დღესაც. რუსეთის მიერ რომ არ დაიბომბოს და ბავშვები არ დახოცოს, საავადმყოფოები, ეკლესიები არ დაბომბოს და ასეთი მსხვერპლი რომ არ გვქონდეს, დიახ, ეს უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებთან და ვიდეორგოლთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ნაცაგენტურის მიერ ატეხილია ისტერია, როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ ბანერებზე რუსეთის მიერ დაბომბილ ობიექტებს.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, ბანერებზე ნაჩვენებია ის, რისკენაც უკრაინის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ალექსეი დანილოვი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა.
„ბანერებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ისტერიაა ატეხილი, „ფეისბუქზე“ არის საშინელი რეაქციები ნაცაგენტურის მხრიდან. ისინი ამბობენ, რა საშინელებაა, როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ ბანერზე რუსეთის მიერ დაბომბილ ობიექტს. დიახ, რუსეთის მიერ რომ არ დაიბომბოს და ბავშვები არ დახოცოს, საავადმყოფოები, ეკლესიები არ დაბომბოს და ასეთი მსხვერპლი რომ არ გვქონდეს, ეს უნდა შევახსენოთ საზოგადოებას. ამისკენ მოგვიწოდებდნენ პირდაპირ, თვითონ მოგვიწოდებდნენ და წარმოიდგინეთ, ჩვენ გვეუბნებიან, რატომ იყენებთ საერთოდ ამ ფოტოსო, როგორ გაბედეთ ფოტოს გამოყენებაო.
მე ვერ ვნახე ვერცერთი გაზიარება, მისი ავტორი ნაცაქტივისტი რომ არ ყოფილიყო. ჩვენ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რისკენ გვიბიძგებდნენ, რა უნდათ დღესაც. რა უნდათ დღესაც, ეს უნდა ვაჩვენოთ მკაფიოდ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს განსხვავება – ჩვენსავით როცა იქცევა ხელისუფლება, რა გვაქვს სახეზე და როცა სხვანაირად იქცევა ხელისუფლება, რა შეიძლება იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვის პასუხად, „უკრაინამ ომი აირჩია?“, – მამუკა მდინარაძემ განამარტა, რომ საუბარია არა იმაზე, რა აირჩია უკრაინამ, არამედ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უბიძგებდნენ ომისკენ.
„ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვიბიძგებდნენ ამისკენ და უკრაინას სულ რომ არ აერჩია ან აერჩია, ამას მნიშვნელობაც კი არ აქვს. დანილოვი მოგვიწოდებდა იმისკენ, რაც იმ ბანერზე მარცხენა მხარეს წარსულისკენ არის გამოსახული. დანილოვი ჩვენ გვარჩევინებდა ომს. უკრაინამ რა აირჩია, ამის თქმა არ გვინდა, ამ ბანერზე სხვა რამეა. დანილოვი რისკენაც მოგვიწოდებდა, ის არის ბანერზე მარცხენა მხარეს. უკრაინამ რა აირჩია, ამას არ ვეხებით. რაც მოხდა, რაც არის ფაქტობრივი მდგომარეობა და რისკენაც მოგვიწოდებდნენ ჩვენ, მათ შორის დანილოვი და ნაცლიდერები, აგენტურა, ამის ლუსტრაციაა ბანერზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც „ქართული ოცნების“ მიერ ამგვარი საარჩევნო ბანერების გამოქვეყნებას სამარცხვინო უწოდა, მამუკა მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არა პრეზიდენტი, არამედ ჩვეულებრივი ოპოზიციონერია.
„ჩვენ მიერ შერჩეული იყო მარგველაშვილიც, სალომე ზურაბიშვილიც და ა.შ. ეს ხალხი შემდეგ ან წნეხს ვერ უძლებს ან თავისი ნებით ყოფენ იმაში თავს, რაშიც თავი აქვთ გაყოფილი „ნაცმოძრაობის“ ე.წ. ლიდერშიფს, ე.წ. ლელოს, ანუ „ნაცმოძრობის“ მეორე დანაყოფი, მესამე დანაყოფი – გვარამიას პარტიის წარმომადგენლები. ან თავისით გაყო იმაში თავი, ან რაღაც შანტაჟს და ზეწოლას ვერ გაუძლო, რასაც, სხვათაშორის, ჩვენ ვუძლებთ. რასაც ჩვენ ვუძლებთ, ალბათ ამ ქალბატონმა ვერ გაუძლო და მიეყიდა ვიღაცებს, რომლის დავალებების შესაბამისად, სინქრონში ლაპარაკობენ ერთი და იმავე რაღაცებს. როგორც „ნაცმოძრაობის“ დროს, 2012 წლამდე სამი ტელევიზია ლაპარაკობდა ერთ ხმაში, ისე ლაპარაკობს დღეს სამი პარტია და ქალბატონი სალომე ერთ ხმაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.