ქართველისთვის ყველაფერი არის წმინდა, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელ დღეს, უწმინდესი პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, დაერქვა ოჯახის სიწმინდის დღე.
“ქართველისთვის ყველაფერი არის წმინდა, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან. ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელ დღეს, ჩვენი უწმინდესი პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, დაერქვა ოჯახის სიწმინდის დღე, იმიტომ, რომ ეს არის ტრადიცია, რწმენაც ერთგვარი და მისი პატივისცემა, ეს არის იდენტობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საკითხი.
პატრიარქ შიო III-ის დღევანდელი ინიციატივაც, რომ ეს გაგრძელდეს და ამას ჰქონდეს შეუქცევადი ხასიათი, ასევე ნიშნავს იმას, რომ ქართველი არასდროს დაკარგავს ამ საკითხებთან დაკავშირებულ არანაირ თემას,არანაირ რწმენას, იდენტობას, ტრადიციას, საკუთარ კულტურას და საკუთარ ოჯახს, საკუთარ მშობლებს ყოველთვის სცემს პატივს და ეს იქნება მისი მთავარი განმასხვავებელი, მათ შორის, ნიშანი ყველა დანარჩენისგან. ვუსურვებ ყველას, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი დამოკიდებულებით ყოფილიყოს მსგავსი ღონისძიებები, იმისათვის, რომ თაობები გაიზარდონ ამ მაღალ ღირებულებებზე”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.









