ევროპა ვინმეს ხელში ვერ იქნება გამოყენებული, როგორც შანტაჟის იარაღი, ჩვენი გადაწყვეტილებით ამისი დაზღვევა, პრევენცია მოვახდინეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სანქციების საკითხი მორიგი მავნებლობაა.
„მორიგი მავნებლობაა, რომლის საბოლოო შედეგიც უნდა მიეღოთ 16 დეკემბერს. პოლიტიკური ცეცხლის გახსნა გადაწყვიტეს 16 დეკემბრისათვის, მაგრამ ჩვენ დავასწარით და 28 ნოემბერს მივიღეთ ამ ყველაფრის დამზღვევი, მაპრევენცირებელი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, შანტაჟის იარაღად ევროპის ფაქტორს ვერავინ გამოიყენებს, რადგან ევროპა არ არის შანტაჟი, ევროპა არის ქრისტიანულ ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე დაყრდნობით შექმნილი სახელმწიფოთა გაერთიანება და საქართველო არის ევროპა ამ ფასეულობების გათვალისწინებით და არა მათ გარეშე. შესაბამისად, ჩვენ როდესაც ვამბობთ თამამად, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ზუსტად ამას ვგულისხმობთ. ევროპა ვინმეს ხელში ვერ იქნება გამოყენებული, როგორც შანტაჟის იარაღი, ამისი დაზღვევა, ამის პრევენცია მოვახდინეთ. ამაზე ძალიან დარდობენ ვიღაცები, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვებოდიშებით ჩვენს საზოგადოებას, რომ, უკაცრავად, განერვიულებთ, მაგრამ ძალიან სერიოზული რამის პრევენცია მოვახდინეთ. მათ შორის, ბოლო დღეებში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა ეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სანქციებთან დაკავშირებით უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიარტოს განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, სადაც მან აღნიშნა: „ბრიუსელისგან მივიღეთ წინადადება, რომ საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები უნდა დავაწესოთ, შეგიძლიათ, დარწმუნებულები იყოთ, რომ ჩვენ ამას ვეტოს დავადებთ“, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა:
„საკითხები, რომლებიც თავიდანვე იციან, რომ განწირულია მარცხისთვის, თუ დღის წესრიგში მაინც დგება, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ პიარული თვალსაზრისით აქვს დატვირთვა, რათა საქართველოში ვნებათაღელვა არ ჩაცხრეს“.
„აქ მიზანი არის აბსოლუტურად სხვა. სხვებთან შედარებით, გახარიამ ყველაზე მკაფიოდ აღიარა ეს ყველაფერი, წამოსცდა და უკან აღარ დაიხია – ისინი ცდილობენ, რომ ტრამპის ინაუგურაციამდე რაღაც პირველი ფაზა მორჩეს. მგონი, დასკვნები რთული გამოსატანი არ არის. ვერც პირველ ფაზას მორჩებიან, ვერც მეორეს და მათი გეგმები ყოველთვის ასე წყალწაღებული იქნება, როგორც დღეს არის. მეორე ფაზა რეალობაში რას ნიშნავდა – ეს იყო ქაოსი, არეულობა, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მცდელობა, შესაბამისად, მეორე ფრონტი, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია ამ საკითხებში ჩართვას მოასწრებს. დაიწყო არანაკლებ მავნებლობაზე, ეკონომიკის ჩამოშლაზე ლაპარაკი. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ესეც კი, რაც თავის გასამართლებლად თქვა, მავნებლობის ნაწილია, თუმცა მეორე ფაზა მათთვის რეალურად სხვა რამე იყო – ქვეყანა ქაოსში და მეორე ფრონტის ვალდებულება აღებული გარე ძალების წინაშე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.