მინდა დავამშვიდო ჟიგიმანტასიდან დაწყებული, აქაური აგენტურა და იქაური დავალებების მიმცემები, რომ ლეგიტიმაცია ჰერჩინსკის არ მიუცია ხელისუფლებისთვის, ლეგიტიმაცია მისცა ერმა და ბერმა, როგორც იტყვიან. საქართველოს მოსახლეობის ამომრჩეველთა უმრავლესობამ მიანიჭა ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ჰერჩინსკის ლეგიტიმაცია აქ არ არის მთავარი. ჰერჩინსკიც შეხვდება, სხვა ელჩებიც შეხვდებიან [მაკა ბოჭორიშვილს] და გაგრძელდება ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში, ამიტომ, დაანებონ იმ კაცს თავი, ხომ ხედავენ, გუშინ გამოვიდა ის კაცი და რაც შეეძლო, თავიდან ბოლომდე მხარი დაუჭირა მათ? დღეს ახლა იმიტომ, რომ ხელი ჩამოართვა საგარეო საქმეთა მინისტრს, ეს არც ლეგიტიმაციის საფუძველია, არც უმაგისობაზეა საუბარი. შესაბამისად, ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს ქართველი ხალხი - ხალხია ლეგიტიმაციის წყარო და არა თუნდაც ევროპის რომელიმე წარმომადგენელი, მაგრამ, ამის შემდეგ გრძელდება ცხოვრება - ევროკავშირის ელჩიც ხელს ჩამოართმევს, ითანამშრომლებს და ყველაფერი კარგად იქნება. დაანებონ იმ კაცს თავი, მათკენ არის, რაც კი შეუძლია. პიროვნულად შესანიშნავი ადამიანია [ჰერჩინსკი], მაგრამ რაღაც მითითებები როცა მოდის, იმას ახმოვანებს და არსებული ბიუროკრატიის იმ მითითებებში, მათი [ოპოზიციის] მხარდაჭერა ძალიან ხშირად ჩანს ხოლმე. ლეგიტიმაციის საფუძველი მისი შეხვედრა და ხელის ჩამორთმევა კი არ არის, არის ქართველი ხალხის არჩევანი.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ პაველ ჰერჩინსკის უნდა რცხვენოდეს.

ამასთან, სოციალურ ქსელ "იქსზე" ჟიგიმანტას პავილიონისი ევროპული სამეზობლო საბჭოს მრჩევლის, ტერე ჰელანდის პოსტს აზიარებს, რომელიც ჰერჩინსკის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის გუშინ 

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს.