როგორც იქნა, ამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ერთადერთი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ამ ქვეყანას საქართველო ჰქვია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„ოპონენტების მხრიდან ამ რუსული იარლიყის მოწებება სასაცილო ამბავი გახდა. რა არგუმენტიც არ მოეწონებათ, რუსული, რუსულიო, თუთიყუშებივით იმეორებენ დავალებას. დარწმუნებული ვარ, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს თავიანთი ქვეყანა იმდენჯერ არ ექნებათ ნახსენები, რამდენჯერაც ქართულ რადიკალურ ოპოზიციას და ქვეყნის გარეთ მის მხარდამჭერებს თუ დავალების მიმცემებს, უფრო სწორად რომ ვთქვათ. წარმოუდგენელი ამბავია, პირდაპირ სისხლში აქვთ, რომ წინადადებაში რუსეთი ორჯერ ახსენონ და იარლიყი მიაკერონ, მაგრამ არც გვეკერება ეს იარლიყი მათ თვალში, ვინც საღად აზროვნებს, ობიექტურად მოფიქრალია და ხვდება, რომ როგორც იქნა, ამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ერთადერთი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ამ ქვეყანას საქართველო ჰქვია. ეს არის მთავარი სიამაყის საფუძველი, რითიც ჩვენ ვმოქმედებთ, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ევროპული არჩევანის შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გაკეთდა და ევროპული გზიდან გადახვევის შესახებ ოპონენტთა ბრალდებას ხელისუფლება არ მიიღებს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ დაუჭირა მხარი ევროდეპუტატების დიდმა რაოდენობამ რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სამწუხაროა, როცა ამდენი ევროპარლამენტარი ტყუილზე აწერს ხელს.
„წარმოიდგინეთ, რა სიძლიერის, მასშტაბის და ხარისხის შემოტევების მოგერიება გვიწევს იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ ომში არ შეყოს თავი. ამდენი ევროპარლამენტარი ხელს აწერს ტყუილზე. იქ არის მოცემულობა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ და ამ მოცემულობიდან გამომდინარე რაღაც გადაწყვეტილება, რეზოლუცია მიიღეს. აწამებენ მიხეილ სააკაშვილს? თუ ეს სიმართლეა, მაშინ ჩვეულებრივი ამბავია და იმ ხალხმა მოაწერა ხელი სიმართლეს, მაგრამ თუ ეს ტყუილია, და რადგან ეს ტყუილია, ფაქტია, ამ ხალხმა ხელი მოაწერა ტყუილზე. ანუ, ჩვენ შეხება გვაქვს იმ მასშტაბის კოორდინაციასთან, შემოტევასთან და იმ მასშტაბის ძალასთან, აღარ დავაკონკრეტებ, რომელსაც შეუძლია, ევროპარლამენტის ამდენი პარლამენტარი დარაზმოს და ტყუილზე მოაწერინოს ხელი, დაავალოს, თქვენ ამაზე მოაწერთ ხელსო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.