ჩვენ უკვე ყველამ ზუსტად ვიცით, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა წლევანდელი 90 მილიარდიდან 130 მილიარდზე მეტი იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბათუმში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ, ალბათ გახსოვთ და ბევრი თქვენგანი, დარწმუნებული ვარ, ყურადღებით ადევნებდა თვალყურს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, წარუდგინა საზოგადოებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა. ვერავინ, ვერც ერთმა ადამიანმა ოპოზიციიდან თუ გარე ძალებიდან, ვერ შეძლო ამ პროგრამის კრიტიკა რაიმე მიმართულებით, იმიტომ, რომ არ არსებობს სფერო, დარგი, სადაც ჩვენს ქვეყანას არ აქვს ხელშესახები პროგრესი და მომდევნო ოთხი წლის გეგმები კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რაც არა მხოლოდ მშვიდობას, ჩვენი იდენტობის, ტრადიციების, კულტურის დაცვას,. არამედ ჩვენი მოქალაქეების უკეთესი და ღირსეული ცხოვრების პირობებს ეხება.
ჩვენ უკვე ყველამ ზუსტად ვიცით, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა წლევანდელი 90 მილიარდიდან 130 მილიარდზე მეტი იქნება. ბიუჯეტი წლევანდელი 27,8-დან იქნება 40 მილიარდზე მეტი. საშუალო ხელფასი ამ ქვეყანაში მომდევნო წლებში იქნება 3500 ლარი. პენსია მომდევნო წლის, იცით ხომ დიფერენციაცია? 350, 450 მთიან, აქ ძალიან აქტუალურია ეს საკითხი 420 და 520 – 70 წლის ასაკის პენსიონერებს, აქედან დაწყებული, გაიზრდება ყოველწლიურად ჩვენ მიერ მიღებული კანონის შესაბამისად გარანტირებულად. ხოლო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამით ზომავენ ხოლმე ქვეყნების ეკონომიკას, განვითარების დონეს და როგორ აისახება თითოეულ მოქალაქეზე - უმუშევრობა და სიღარიბე, ჩამოცდება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. და იმის მაგივრად, რომ ვინმე ამ თემაში შემოსულიყო, ან კრიტიკა მოეხერხებინა, გუშინ, ევროპარლამენტის სახელით, მეოთხე, უკვე გაცვეთილ-გაუფასურებული რეზოლუციით გვითხრეს, რომ ჩვენ ეკონომიკა წინ კი არ უნდა წავიყვანოთ თურმე, არამედ, უნდა ჩამოვაქციოთ - უნდა დავუწესოთ რუსეთს სანქციები, რაც დააზიანებს რუსეთს მაქსიმუმ 0.3 %-ით, ხოლო, საქართველოს ეკონომიკას, მინიმუმ 12%-ით, რაც ორჯერ უარესია, რაც პანდემიის პერიოდში. ე.ი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ კი არ უნდა იზრუნოთ ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ, უნდა ჩამოაქციოთ თქვენი ეკონომიკა. მესამე წელია, მეგობრებო წვალობენ და როგორც იქნა, სათქმელი პირდაპირ თქვეს. ხომ გახსოვთ, როდესაც ამბობდნენ, რომ არა, ჩვენ არ ვითხოვთ სანქციების დაწესებას - სწორედ ეს არის მიზანი და ქართველი ხალხი, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მათ არ აინტერესებთ, არამედ, საქართველოს გამოყენება აინტერესებთ მათი ინტერესებისათვის. მათ ასევე გვითხრეს ევროპარლამენტის გამოყენებით, რომ უნდა გავათავისუფლოთ თურმე მკვლელი სააკაშვილი, მწამებელი სისტემის შემქმნელი, ამის პარალელურად, თურმე უნდა დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი - მეცენატი, ქველმოქმედი, მშვიდობის გარანტი ამ ქვეყნის. წარმოუდგენელია ეს მეგობრებო, ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა და ამას ქართველი კაცი, ქართველი ქალი, არასდროს შეეგუება!
ასევე გვითხრეს, რომ თურმე, უნდა გავაუქმოთ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი და მომავალი თაობები უნდა გავწიროთ ამ პროპაგანდისათვის. უნდა გავაუქმოთ თურმე კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რათა ვერასდროს გავიგოთ, ვინ დააფინანსებს ამ, ქვეყანაში აგენტურას, ომის და ლგბტ პროპაგანდას, ეკლესიის სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების, ასევე ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.