მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თითოეული დღისთვის, რომელიც საქმეს და საქმისთვის თავგანწირვას დაუთმეთ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიციელების პროფესიონალიზმი, სიმამაცე, გამბედაობა, ყოველდღიური ძალისხმევა ძალიან ფასეულია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს განვითარებაში, მის სიძლიერეში, დამოუკიდებლობაში და სიამაყის განცდაში.
„გავიხსენებ იმ გმირ პოლიციელებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სამსახურს შესწირეს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. თანადგომას ვუცხადებ გმირების ოჯახებს, ახლობლებს, რომლებიც ამ მძიმე დანაკლისის ტკივილს სიამაყით ატარებენ.
თქვენ ხართ საზოგადოების იმედი. თქვენ იცავთ ჩვენი შვილების მომავალს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი პროფესიონალიზმი, სიმამაცე, გამბედაობა, ყოველდღიური ძალისხმევა ძალიან ფასეულია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, მის სიძლიერეში, დამოუკიდებლობაში, სიამაყის განცდაში. ჩვენ დღეს თუ ძალიან თამამად ვამბობთ: საქართველო არასდროს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი და რომ დღეს ჩვენი სამშობლოსა და ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენივე ქვეყანაში მიიღება, ეს, ძალიან მნიშვნელოვანწილად, თქვენი დამსახურებაა. კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს. თითოეულს გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცეს, ჯანმრთელობას, ბევრ წარმატებას და ძალიან მალე, ერთიანი საქართველოს სიამაყით მსახურებას. ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.









