ჩვენ ჯერ არ დაგვიფიქსირებია საბოლოო მხარდაჭერა ფრიდონ ინჯიას ინიციატივაზე, ეს საკმაოდ დელიკატური, რთული, კომპლექსური საკითხია, ამას დიდი მსჯელობა უნდა და ასე მარტივად ამ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მან ჩამოთვალა კითხვები, რაც აქვს და რაზედაც საუბარი იყო განსაკუთრებით ჰააგაში საქმის მოგების შემდეგ.
„მე ჩამოვთვალე ის კითხვები, რაც მაქვს და რაც მთავარია, რაზედაც ვსაუბრობდით განსაკუთრებით ჰააგაში ჩვენს მიერ საქმის მოგების შემდეგ. ეს [კომისიის შექმნა] დელიკატური, კომპლექსური, რთული საკითხია, ამაზე დათანხმება ასე მარტივად შეუძლებელია. რა თქმა უნდა ეს დისკუსიას, კამათსაც შეიცავს, კითხვები რა თქმა უნდა არის, საშინელებები ქრონოლოგიის სახით აჩვენეს მთელ მსოფლიოს, შემდეგ ხელი მოუწერეს თავად და რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი, ამაზე პასუხები გასაცემია, მაგრამ ამას კომისია გასცემს პასუხს, საზოგადოება, თუ შევიკავებთ კომისიაში მონაწილეობისგან თუ კომისიის შექმნისგან თავს, ეს მეორე საკითხია და აბსოლუტურად არარელევანტური. მათ ამ შემთხვევაში ანაღვლებთ ის, რომ ამ ღალატს საზოგადოება სცემს პასუხს, ამ ღალატს არასდროს გავუტარებთ და რამდენჯერაც რუსულ სიტყვას ახსენებენ, მათ ეს [რეზოლუცია] გაახსენდეთ აუცილებლად და ყოველ მიზეზს გარეშე“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, "ევროპელი სოციალისტების" ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა: "ჩვენ გავაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას, რათა პროკურატურამ გამოიძიოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და პარლამენტშიც შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისია. ადამიანებს, რომლებიც დღესაც საქართველოს ომში გახვევას ცდილობენ, 2008 წლის უმძიმესი დანაშაული, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შერჩეთ." სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ამერიკამ 2008 წელს ჩვენ და ახლა კი მთელი ევროპა და უკრაინა გაწირა