ახალგაზრდა ჰალსტუხიანმა, მაგრამ სამწუხაროდ სხვა ქვეყნის მოსამსახურე პოლიტიკოსებმა უნდა დატოვონ ასპარეზი - როცა დადგება კოალიციური მთავრობა, პირველი რაც მოხდება, თითები მიეწვება ყველას, ვინც 12 წელი ეს ქვეყანა ძარცვა, - ამის შესახებ „ლელო- საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც  „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის განცხადება შეაფასა, რომელმაც რუსეთთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ ინიციატივებს "უპასუხისმგებლო" უწოდა და აღნიშნა, რომ მათი შეთავაზებები "ფაშისტურ გამოხტომებთან" არის მიახლოებული.

„ამ ოროსან პოლიტიკოსებზე ერთხელ გავაკეთე კომენტარი და აღარ გავაკეთებ. თვალსა და ხელს შუა დეგრადირდა ახალგაზრდათა მთელი პლეადა „ქართულ ოცნებაში“. არამარტო დეგრადირდა, სხვა ქვეყნის სამსახურში დადგა. შენი ქვეყნის დამპყრობ მოქალაქეს თუ 90 -დღიან ვიზას დაუნიშნავ, როგორც სომხეთს, აზერბაიჯანს და ყაზახეთს აქვს, ეს ფაშიზმს ნიშნავს? თუ შენი ქვეყნის მიწის ყიდვას აუკრძალავ იმ მოქალაქეს, რომელმაც შენი ქვეყნის მიწა 20% დროებით „ჩაიჯიბა“ , ესაა ფაშიზმი? - ფაშიზმია, რასაც რუსეთი აკეთებს საქართველოს მიმართულებით. პუტინის რეჟიმს რომ გამოექცევა საქართველოში, იქ იომოს, იქ იბრძოლოს საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მარტივია გაქცევა, ჩვენ აქ სადგური და რესტორანი კი არ ვართ. გარანტიას გაძლევთ, გამოქცეულის 80%-ს რომ ღრმა კითხვა დაუსვა, ბოლო მომენტში გეტყვის, რომ რუსეთი სწორად იქცევა. ახალგაზრდა ჰალსტუხიანმა, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა ქვეყნის მოსამსახურე პოლიტიკოსებმა უნდა დატოვონ ასპარეზი. როცა დადგება კოალიციური მთავრობა, პირველი რაც მოხდება, "თითები მიეწვება" ყველას, ვინც 12 წელი ეს ქვეყანა ძარცვა. მე ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი ვარ ამ ქვეყანაში პერსონალურადაც და იმ კომპანიებშიც, სადაც 15 000 კაცამდე მუშაობს. კანონის ფარგლებში იქნება გამოყენებული ყველაფერი, კოალიციურ პარტნიორებთან ერთად, რათა ყველას "მივაწვათ თითები", დამოუკიდებელი პროკურატურის ძალით. ჩვენ გვაქვს იმის უნარი, რომ ეს ქვეყანა ძალიან მოკლე დროში შევიყვანოთ ევროკავშირში, ლიდერი გავხადოთ ყველა მიმართულებით“,- აღნიშნა ხაზარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი ლენინივით იქცევა, როდესაც ამბობს, რომ ევროკავშირისკენ ერთი ნაბიჯი გადადგეს.

„ქვეყნის არჩევანია ევროპული არჩევანი. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში ამ ქვეყანას გავხდით ნამდვილ ევროპულ ქვეყანას, რომლის ძირითადი ფუნდამენტი იქნება ქართული ეროვნული ღირებულებები. რუსები ამ ტრადიციას ფეხქვეშ გვითელავენ.

ესენი [ხელისუფლება] ლენინივით იქცევიან, ერთ ნაბიჯი წინ და ორი ნაბიჯი უკან. ჩვენ სტატუსი მივიღეთ და სტატუსი იმიტომ კი არ მივიღეთ, რომ ესენი კარგები არიან, ამ ხელისუფლებამ ჩააგდო შარლ მიშელის დოკუმენტი, 12 პუნქტი, არანაირი რეფორმა არ განახორციელა სასამართლოში...“, - აღნიშნა ხაზარაძემ.