ჩვენი კარი ღიაა, ვისაც უნდა, რომ შემოგვიერთდეს, შემოგვიერთდეს, ჩვენ გვაქვს ის ძალა და გამოცდილება, რომელიც მომავალ კოალიციურ მთავრობაში აუცილებლად მიიღებს წამყვან როლს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა და განმარტა, რომ „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერანაირ კავშირს ვერ ხედავს, „თუ ქვეყანაში ისეთი რაღაც არ მოხდა, რომ მთელი საზოგადოება გამოვა ქუჩაში და მივხვდებით, რომ მაგ დროს უკვე პარტიული ინტერესები ბოლო პლანზე გადადის“.

„ბოლო პერიოდში, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებები განვითარდა და წინა პლანზე წამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან იმ ცხრაწლიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, კერძოდ, მერაბიშვილი და ძმანი მისნი, ჩვენ ამ პარტიასთან ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავთ. თუმცა, ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს საზოგადოების, აკადემიური წრეების, დოპლომატიის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან, რომელთაც უნდათ, აქტიურად ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობაში და ჩვენ ახლა ამით ვართ დაკავებული.

რას ნიშნავს პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანება -კანონმდებლობით ბლოკები აკრძალულია, შესაბამისად, სამი პარტიაც რომ გაერთიანდეს, სამი ნომერი და სამი სია ვერ იქნება, ამიტომ, თუ მივალთ ამ კონკრეტიკამდე, იქნება ერთი პარტია და იქნება ერთი ნომერი, ერთი სია. შესაბამისად, ჩვენი კარი ღიაა, ვისაც უნდა, რომ შემოგვიერთდეს, შემოგვიერთდეს. ვისაც ფერი არ მოსწონს, ყვითელი ან რაღაც სახელი, ეს არის ტექნიკა და შეგვიძლია, კომპრომისზე წავიდეთ. მაგრამ როდესაც ლაპარაკია, როგორ დავამარცხოთ ის რუსული მთავრობა, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, გაერთიანებას ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი კარი არის ღია. მობრძანდნენ, კონსულტაციები დავიწყოთ. ზოგიერთთან ეს ყველაფერი დაწყებული გვაქვს.

აქვე მინდა გითხრათ, რომ პარტიას პლიუს პარტია არ ნიშნავს იმ რაოდენობა ამომრჩევლის ავტომატურ გადმოტანას. ეს ასე არ ხდება. ამიტომ, ახლა რომ არის ლაპარაკი, გაერთიანდით, გაერთიანდით – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არავითარ გაერთიანებაზე და თანამშრომლობაზეც არ არის საუბარი, თუ ქვეყანაში ისეთი რაღაც არ მოხდა, რომ მთელი საზოგადოება გამოვა ქუჩაში და მივხვდებით, რომ მაგ დროს უკვე პარტიული ინტერესები, რა თქმა უნდა, ბოლო პლანზე გადადის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, „ლელო“ აგრძელებს დამოუკიდებელ განვითარებას.

„ჩვენი კარი ღიაა და მოვუწოდებ საზოგადოებას, შემოგვიერთდნენ, რადგან ჩვენ გვაქვს ის ძალა, ინტელექტი და გამოცდილება, რომელიც მომავალ კოალიციურ მთავრობაში აუცილებლად მიიღებს წამყვან როლს“, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.