დღეს შუა დერეფნის განვითარება არის ის გეოპოლიტიკური საჭიროება, რომელიც რეგიონში არსებობს, საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვს ათწლეულების განმავლობაში უკვე ჩამოყალიბებული, კარგ გამოცდილებაზე დაფუძნებული მეგობრობა, პარტნიორობა, რომელიც არა მხოლოდ ორი ქვეყნის სასიკეთოდ, არამედ უფრო ფართო რეგიონების სასაკეთოდ შეიძლება, იყოს გამოყენებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში განაცხადა, სადაც თავის კოლეგას ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
მინისტრის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვთ სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელსაც შეიძლება, რომ უფრო ფართო რეგიონისთვის ჰქონდეს დადებითი შედეგი.
„ჩვენ დღეს ვისაუბრეთ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებზე საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის უკვე ათწლეულებია არსებობს სტრატეგიული მიმართულებები. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონისთვის. გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით სამმხრივ ფორმატში. მომავალ წელს ჩემთვის დიდი პატივი იქნება, გიმასპინძლოთ საქართველოში ორივე მინისტრს და გავაგრძელოთ ჩვენი დისკუსიები, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამი ქვეყნისთვის, არამედ უფრო ფართო რეგიონისთვის. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციაზე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებზე, საქართველოს პოზიცია ყოველთვის იყო და არის, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. მივესალმებით იმ პროგრესს, რომელიც შეიმჩნევა ორ ქვეყანას შორის და მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობების ნორმალიზება, თანამშრომლობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცებას, ასევე ჩვენი რეგიონის შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას. ასევე, ვისაუბრეთ „ტრიპის“ ინიციატივის მნიშვნელობაზეც, რომელსაც აქვს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების თვალსაზრისით საკმაოდ დიდი მნიშვნელობა და ჩვენც თვალს ვადევნებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მიგვაჩნია, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონის გაძლიერებას დაკავშირებადობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია. ასევე, გვქონდა საშუალება, რომ გვესაუბრა გლობალურ პროცესებზე, გეოპოლიტიკურ პროცესებზე. მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს, მნიშვნელოვანია რეგიონის კონტექსტში თანამშრომლობის განვითარებისთვის. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევუწყობთ ხელს რეგიონში და უფრო ფართო რეგიონში სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნების განვითარებას, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალის სრულად ათვისებას“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ეფუძნება დიდხნიან მეგობრობას, პატივისცემას, ნდობას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყანა თანმიმდევრულად უჭერს მხარს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. არის ბევრი მიმართულება, სადაც აზერბაიჯანი და საქართველო ერთად მუშაობენ. მოხარული ვიქნები, რომ მომავალი წლის დასაწყისში გიმასპინძლოთ თბილისში. ჩვენი პოლიტიკური დიალოგისთვის ვიზიტების ზედმეტი არასდროს არის. ყოველთვის იძლევა კარგ შესაძლებლობას. სამწუხაროდ, ჩვენს გარშემო არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა იმის ფუფუნებას არ გვაძლევს, რომ მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება. მნიშვნელოვანია ინტენსიური კომუნიკაცია, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. დღეს შუა დერეფნის განვითარება არის ის გეოპოლიტიკური საჭიროება, რომელიც არსებობს რეგიონში. საქართველოს და აზერბაიჯანს კი აქვს ათწლეულების განმავლობაში უკვე ჩამოყალიბებული, კარგ გამოცდილებაზე დაფუძნებული მეგობრობა, პარტნიორობა, რომელიც არა მხოლოდ ორი ქვეყნის სასიკეთოდ, არამედ უფრო ფართო რეგიონების სასაიკეთოდ იყოს გამოყენებული. ეს არის ის, რაც დამატებით ფასს აძლევს ჩვენს მეგობრობას, თანამშრომლობას. მზაობა, რაც არსებობს ორივე ქვეყნის ლიდერებს შორის, არის მისასალმებელი, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ სტრატეგიული პარტნიორობა, თანამშრომლობა და მეგობრობა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.








