მსჯელობა არის ის, რაც აბსოლუტურად არ აინტერესებს ოპოზიციას. მათ აინტერესებს ერთად ერთი რამ - დარჩნენ ლოზუნგების დონეზე და ლოზუნგებით მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მიზანი იყო ის, რომ არგუმენტები არ გაჟღერებულიყო. ვხედავდით აბსურდულ პოზიციებს, რომელიც მრავალმხრივია და არა ერთ ხმაში ფიქსირდებოდა. ვხედავდით ასევე მცდელობას იმისა, რომ მაქსიმალურად ხელი შეეშალათ კანონპროექტის წარმდგენლისთვის, რომ მას დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიციები. საბოლოო ჯამში, კომიტეტის შეხვედრა შედგა - 11 საათი გრძელდებოდა და ჩვენ სხვადასხვა ფაზა ვიხილეთ ამ დისკუსიის, თუმცა გამუდმებით იყო მცდელობები იმის, რომ ხელი შეუშალონ აზროვნებას, მსჯელობას და მსჯელობა არის ის, რაც აბსოლუტურად არ აინტერესებს ოპოზიციას. მათ აინტერესებს ერთად ერთი რამ - დარჩნენ ლოზუნგების დონეზე და ლოზუნგებით მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. ლოზუნგი, რომელიც მათ აქვთ შერჩეული და „ბრენდირება“ ამ კანონპროექტის არის. რა თქმა უნდა, ყველა ვიზიარებთ იმას, რომ არაფერი რუსული მისაღები არ არის ჩვენთვის. თუმცა, ვერაფრით ამტკიცებენ, წარმოადგენენ იმას, თუ რატომ არის გამჭვირვალობა მაინც და მაინც რუსული ფენომენი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.