“ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებს საპარლამენტო მუშაობაზე. ასეთია ე.წ. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პასუხი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე. დღესავით ნათელია, რომ ამ ძალას არც ქვეყანა აინტერესებს არც მისი ევროკავშირში გაწევრიანება. მათი მიზანია არეულობა, ქაოსი და საქართველოს დისკრედიტაცია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. მათი ყველა რესურსი მიმართულია, რომ ქვეყანა რომელიც რუსული ოკუპაციის პირობებში ცდილობს წავიდეს წინ, განვითარდეს, შეაფერხონ და უკან დაწიონ“,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ყველა ის ქმედება განწირული, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებს.
„სიმართლე არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რაც ვინმეს ოდესმე მოუგონია, რომელიც ადრე თუ გვიან თავის გზას აუცილებლად პოულობს. სიმართლე არის ის,. რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოს. რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზანი, მისი ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლებელი გახადოს, მიუხედავად ასეთი დესტრუქციული წინააღმდეგობებისა შინ და გარეთ, რომ საქართველოს ღირსეულია ადგილი ეკავოს თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროში და იდგეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გვერდით, გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და ეს საქართველოს ყველა მოქალაქემ იგრძნოს. სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იმ ადამიანსაც კი, რომელმაც საკუთარი ნებით თქვა უარი საკუთარ სამშობლოზე უარი, სიცოცხლე შეუნარჩუნოს. სიმართლე არსად დაიკარგება და შევძლებთ იმ მიზნის მიღწევას, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს და რაც მას სურს“,-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.