ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა, რომ აშშ-თან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს ველოდებით აშშ-ს მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ემი დიაზის დანიშვნის შემდეგ გამართულ პირველ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს.
მისი შეფასებით, ბოლო თვეებში ურთიერთობების გაჯანსაღების მიმართულებით პოზიტიური ნიშნები გამოიკვეთა, რასაც თან ახლავს ვაშინგტონის მხრიდან განხორციელებული აქტივობები, რომლებიც ქართულ მხარეს საკუთარი პოზიციების წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.
„ბოლო თვეებში პოზიტიური ნიშნებია ჩვენი ურთიერთობების გაჯანსაღების მიმართულებით. არაერთხელ გვითქვამს ჩვენი პოზიცია, რას მოველით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. ჩვენი სურვილია, ეს ურთიერთობა იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული, ჯანსაღი და სტრატეგიული პარტნიორობა იყოს შინაარსით დატვირთული. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას ამერიკულ მხარესთან“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისი განცხადებით, ორივე მხარე თანხმდება, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ეტაპი „სუფთა ფურცლიდან“ უნდა დაიწყოს.
„ორივე მხარე ვიზიარებთ, რომ სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. ასევე, მიგვაჩნია და ამასაც ვიზიარებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარესთან, რომ კონკრეტული შინაარსით დატვირთული უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, როგორ და რა იქნება შინაარსი, ეს დიპლომატიური მუშაობის და პოლიტიკური დიალოგის საგანია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან არსებობს სრული მზადყოფნა, გაგრძელდეს პოლიტიკური დიალოგი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და თბილისი ანალოგიურ მზაობას ამერიკული მხარისგანაც მოელის.









