ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური როტაციაა, რომელიც განხორციელდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ჩამოვიდა ახალი თანამშრომელი, რომელიც შეითავსებს ელჩის მოვალეობას, - ამის შესახებ, "იმედის" ეთერში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, პირველივე შესაძლებლობისთანავე ჰქონდა მასთან შეხვედრა, რომლის დროსაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დინამიკაზე ისაუბრეს.

"ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური როტაციაა, რომელიც განხორციელდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ჩამოვიდა ახალი თანამშრომელი, რომელიც შეითავსებს ელჩის მოვალეობას. პირველივე შესაძლებლობისთანავე მქონდა შეხვედრა მასთან და ვისაუბრეთ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დინამიკაზე.

ბოლო თვეებში, რა თქმა უნდა, პოზიტიური ნიშნებია ჩვენი ურთიერთობების გაჯანსაღების. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ჩვენი პოზიცია, თუ რას მოველით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობა იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული, ჯანსაღი და სტრატეგიული პარტნიორობა იყოს შინაარსით დატვირთული. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას ამერიკულ მხარესთან.

რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის ბოლო პერიოდის აქტივობები, რასაც ადგილი ჰქონდა ვაშინგტონის მხრიდან, რაც გარკვეულწილად აძლევს ქართულ მხარესაც შესაძლებლობას, რომ საკუთარი პოზიციები საქართველოს ხელისუფლებამ გააცნოს ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს," - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ემი ვ. დიაზი შეასრულებს.