მაია ცქიტიშვილი: რაც მამუკა ხაზარაძემ დღეს იკადრა, ამის შემდეგ თუ არ შერცხვება, მზად ვარ მასთან დებატებში დავჯდე

1570121519
ასე გამოეხმაურა “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.
"მამუკა ხაზარაძემ ერთხელ უკვე თქვა ჩემთან დებატებში დაჯდომაზე უარი. მაშინ, როდესაც საქმე ეხებოდა მისთვის მნიშვნელოვან პროექტს - ანაკლიის პორტს. თუმცა, თუ მამუკა ხაზარაძეს არ შერცხვება, მას შემდეგ რაც დღეს იკადრა, თვალებში ჩამხედოს და დაჯდეს დებატებში მე რა თქმა უნდა მზად ვარ, რომ დავჯდე მასთან დებატებში და ვისაუბრო, როგორც რიცხვებზე, ასევე ქვეყნის განვითარებაზე", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ მაია ცქიტიშვილის მისამართით თქვა: “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ”.
ამ განცხადების გამო მამუკა ხაზარაძე მკაცრად გააკრიტიკეს და ეს განცხადება სექსისტურ განცხადებად იყო აღქმული საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან.