პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 152 ასამბლეის ფარგლებში, დღის განმავლობაში ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარესთან.

„მასთან საუბარში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა რეგიონის მნიშვნელობას შუა დერეფნის პოტენციალის სამომავლოდ გამოყენების თვალსაზრისით. ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივების გაძლიერების საკითხს, ასევე წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობას, როგორც ორმხრივი ინტერესის პროექტს. დიდი აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით“,- განაცხადა ბითაძემ.

მისივე ინფორმაციით, ომის გავლენა და არაბული ინვესტიციების პერსპექტივები იყო განხილვის მთავარი თემა არაბთა გაერთიანებული საემიროების საპარლამენტო დელეგაციასთან.

„სურვილი გამოითქვა, რომ საქართველოში მზარდი ინვესტიციები იყოს. ჩვენ გამოთქმულ სურვილს მივესალმებით. მსჯელობის საგანი იყო რეგიონში დაძაბულობა და ამ ფონზე მსოფლიოში სამშვიდობო არქიტექტურის მშენებლობა. რაც შეეხება საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას, პროდუქტიული შეხვედრა იყო, რადგან კონკრეტული გეგმები და მიმართულებები დაისახა თანამშრომლობის თაობაზე. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმება კონკრეტული ნაბიჯები საქართველოსა და საბერძნეთის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით“,- აღნიშნა მაია ბითაძემ.

შეხვედრები შედგა სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.