არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ გუშინ ნათქვამი დღეს სრულად უარყონ, ცდილობენ, რომ საარჩევნო დაპირებებიდან დაწყებული, საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით დასრულებული, 180 გრადუსით შემოატრიალონ, ალბათ იმიტომ, რომ ხედავენ, რომ მათი განვლილი საქმეებიდან გამომდინარე, ნამდვილად არის იმის შესაძლებლობა, რომ ეს პარტიები აიკრძალონ და ალბათ ახლა ასე ცდილობენ, ამ პასუხისმგებლობას გაექცნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებისთვისაც და სასამართლოსთვისაც ყველაფერი ცხადია.
„მთელი დღე შეგნებულად ამ სხდომას ვუსმენდი და ღიმილის მომგვრელია ის უსუსური მცდელობა, რომ საკუთარ საჯარო განცხადებებს, აქტივობებს და საარჩევნო დაპირებებს გაქცეოდნენ. ზოგიერთ მათგანს ჰგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზი მიტინგის ტრიბუნაა, სადაც შეუძლიათ, თავიანთი დემაგოგია აფრქვიონ. ესეც მათი არჩევანია. რა თქმა უნდა, სრულად მათზეა დამოკიდებული, რა სტრატეგიას, რა ტაქტიკას აირჩევენ სასამართლოში, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მთავარია, სამართლებრივი არგუმენტები და კონკრეტული მტკიცებულებები. ეს მტკიცებულებები იმდენად უხვადაა წარმოდგენილი მათივე „აქტიურობის გამო“, რომ, მგონი, საზოგადოებისთვისაც და სასამართლოსთვისაც ყველაფერი ცხადია, რაც არ უნდა სცადონ და როგორც არ უნდა შეეცადონ, პასუხისმგებლობას გაექცნენ. იმედი გვქონდა, რომ რაღაცნაირად სამართლებრივი დისკუსია მაინც გაიმართებოდა და სამართლებრივი ოპონირების რეჟიმში შემოვიდოდნენ, თუმცა ჯერ ისევ დემაგოგიური განცხადებების ფრქვევა გვესმის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.







