ვიდრე „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას. გასაგებია პარტნიორობა, მეგობრობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილია საქართველოს და ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
ლევან მახაშვილმა თავის გამოსვლაში ანგარიშის საგარეო პოლიტიკურ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება.
„უკვე ბევრი ითქვა, რატომ არის ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმა. საქართველოს, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, სახელმწიფოს, რომელსაც არ გააჩნია დასავლური სამხედრო თუ ეკონომიკური უსაფრთხოების ქოლგა, პირდაპირ მოუწოდებენ თავის უშუალო ყველა მეზობელთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან კონფრონტაციაში შესვლას“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
როგორც მახაშვილმა აღნიშნა, მოთხოვნები სამ საკითხს უკავშირდება – საქართველოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან მაქსიმალურად და სრულად დაახლოებას, ქვეყნის სავიზო რეჟიმის ევროკავშირის სავიზო რეჟიმთან დაახლოებას და სანქციებთან მიერთებას.
„ამ დოკუმენტის მიმართ იმიტომ გვაქვს კრიტიკული დამოკიდებულება, რომ არ გვინდა, საქართველო სხვა ქვეყნების დაპირისპირების და კონფრონტაციების მონაწილე გახდეს. საქართველოს არ სჭირდება მეორე ფრონტი. საქართველოს სჭირდება ეკონომიკური კეთილდღეობა და ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივის შენარჩუნება. ეს თემები რომ გავითვალისწინოთ, თითოეული დილა უნდა დავიწყოთ ჩვენი პარტნიორების გმობით, სავიზო რეჟიმები უნდა დავუწესოთ: თურქეთს, აზერბაიჯანს, ჩინეთს, რუსეთს და სხვებს. სანქციები უნდა დავაწესოთ და ხართ მზად ამისთვის, ოპოზიციონერო კოლეგებო? ამ კითხვებზე პასუხებია საჭირო. ამ კითხვებზე თქვენ არ სცემთ პასუხს, თორემ საქართველოს მოსახლეობამ უკვე არაერთხელ გასცა პასუხი, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.








