პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, პოლონეთში მწვავე პოლიტიკური კრიზისია და ბევრი ლეგიტიმური კითხვაა პოლონეთის მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით.

ლევან მახაშვილის თქმით, ევროპელი ბიუროკრატები ხედავენ, რა ხდება პოლონეთში, თუმცა მათი სიჩუმე ნაკარნახევია კონკრეტული ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგით.

„სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას მაქსიმალურად ვერიდებით, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ იმის გამო ვაკეთებთ კომენტარს, რომ პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით აბსოლუტურად გაუგებარი შეფასებები გვესმოდა. ფაქტია, პოლონეთში მწვავე პოლიტიკური კრიზისია და ბევრი ლეგიტიმური კითხვაა იმასთან დაკავშირებით, საით ვითარდება პოლონეთის კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების სისტემა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ა.შ. ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. სწორედ აქედანაა ნაკარნახევი ჩვენი დამოკიდებულებაც. არ გვაქვს მოლოდინი, რომ პოლონეთის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ორმაგ სტანდარტს გადაიაზრებს. მათი მხრიდან საქართველოს მიმართ ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგს ვხედავდით. სწორედ ამ დღის წესრიგიდან იყო ნაკარნახევი იერიში საქართველოს მიმართ და არა იმიტომ, რომ საქართველოში დემოკრატიის ნაწილში ან სხვა ნაწილში იყო რაიმე არსებითი ხარვეზები, თუ პრობლემები. ბრიუსელიდან ძალიან კარგად ხედავენ, რა ხდება პოლონეთში, საფრანგეთშიც. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ისინი აფინანსებდნენ ორგანიზაციებს, რომლებმაც ამ კვირებში საფრანგეთში ქაოსი და ცეცხლი მოაწყვეს. კარგად ხედავენ, რა ხდება, თუმცა ამჯობინებენ, სირაქლემას პოზაში ყოფნას, რადგან ეს მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. შესაბამისად, კარგად იკვეთება სიყალბე. მათ ინტერესებში თუ ჯდება, მაშინ შეუძლიათ, მოძალადეებს თავისუფლებისთვის მებრძოლები უწოდონ, ხოლო თუ არ ჯდება, მიაწებებენ პრორუსულ იარლიყს, მოძალადე დემონსტრანტებს დაარქმევენ მშვიდობიან დემონსტრანტებს და ხელისუფლებას მათ გათავისუფლებას სთხოვენ. ამიტომ არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ევროპელი ბიუროკრატები ვერ ხედავენ, რა ხდება პოლონეთში ან სხვა ქვეყნებში, თუმცა მათი სიჩუმე, თუ ხმამაღალი რიტორიკა ნაკარნახევია ხოლმე კონკრეტული ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.