საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა, რომელსაც ასევე შეუერთდნენ სხვა მოპასუხე პარტიებიც.
კერძოდ, ზაზა ბიბილაშვილმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა, სასამართლოს მიეღო განჩინება, ან გამოეცა წერილობითი განმარტება, რითაც განსაზღვრავს მტკიცებულების სტანდარტს, რომელ პარტიას რა მტკიცებულება მიემართება და როგორ უნდა დაიცვან მათ თავი.
ზაზა ბიბილაშვილმა აღნიშნა, რომ ცხადი და დამაჯერებელი მტკიცებულების სტანდარტის ფორმულირება არასაკმარისი, არაზუსტია და რაც მთავარია, არაკონსტიტუციური იქნება მისი გამოყენება მოცემულ საქმეში.
„გადაწყვეტილების მიღების სტანდარტი რომ არსებობდეს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა სტანდარტია ჩვენთვის, რისგან უნდა დავიცვათ თავი, რა სტანდარტით უნდა დავიცვათ თავი. მე გზა და გზა თუ არ ვიცი, რას მედავებიან, რა ნაწილში უნდა ვიმართლო თავი და რა იქნება თქვენთვის საკმარისი, რომ ეს ბრალდება უარყოფილი იქნას, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილება იმ პირობებში, როცა თქვენი გადაწყვეტილება არ საჩივრდება, ნიშნავს, რომ ჩვენ გვერთმევა არსებითი პროცესუალური უფლება.
თქვენ გადაახტით მტკიცებულების გამოქვეყნების სტადიას. თქვით, გამოვიკვლევ მტკიცებულებებს კითხვა-პასუხის ეტაპზეო, მაგრამ არ გამოგიქვეყნებიათ. ვითხოვ იმას, რომ თქვენ მხარეებს დაუდგინოთ წინასწარ, გასაგები, მკაფიო, განჭვრეტადი კრიტერიუმები, რას გვედავებიან და რა არის ის სტანდარტი, რომლის ფარგლებშიც თავი უნდა დავიცვათ. მე და არცერთ ჩვენგანს არ გვევალება, ორასიათას რაღაცაზე გავცეთ პასუხი. ერთი კითხვაც საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ პროცესი არასწორად მიდის“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა შუამდგომლობის დასაბუთებისას.
პლენუმმა ადგილზე იმსჯელა აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით და არ დააკმაყოფილა. მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ განმარტა, რა გარემოებები დაედო საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას.
რევაზ ნადარაიას თქმით, ეს იყო დაუსაბუთებელი შუამდგომლობა, რადგან სასამართლო წინასწარ ვერ იტყვის, რა მტკიცებულებებს დაეყრდნობა ერთი ან მეორე მიმართულებით.
ამავდროულად, რევაზ ნადარაიას განმარტებით, რომელიმე მხარე თუ მიიჩნევს, რომ მას კონკრეტული კითხვა არ მიემართება, შეუძლია, ეს დააფიქსიროს.
„ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს და ჯერ არაფერს არ ვაფასებთ“, – აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.
რევაზ ნადარაიას განცხადებით, შუამდგომლობაში იკითხება, რომ მხარეს სურს, წინასწარ უთხრას სასამართლომ, რა მტკიცებულებებს რა მიზნობრიობით გამოიყენებს.
„მხარეს პრაქტიკულად არ მოსწონს და ასაჩივრებს იმ განჩინებებს, რაც პლენუმის მიერ ადრე იქნა გამოტანილი მოცემული საქმის განხილვის ეტაპზე მხარეთა შუამდგომლობის პასუხად. სასამართლოს და პლენუმის განჩინებები გადახედვას არ ექვემდებარება. რაც შეეხება საკითხს მტკიცებულებების სტანდარტთან დაკავშირებით, ერთგვარად იკითხება, რომ მხარეს სურს, წინასწარ უთხრას სასამართლომ, რა მტკიცებულებებს რისთვის და რა მიზნობრიობით გამოიყენებს, სარჩელის დაკმაყოფილების, თუ დაუკმაყოფილებლობის კუთხით. ეს არის წარმოუდგენელი.
თქვენმა განმარტებებმა მოჰფინა ამას ნათელი. წარმოუდგენელია, სასამართლომ გარკვეულ მტკიცებულებებს მისცეს შეფასება წინასწარ და უთხრას მხარეს, ეს არის ცხადი, დამაჯერებელი, ადასტურებს სარჩელის წარდგენილ პრეტენზიას, ეს არ ადასტურებს. ზოგადი სტანდარტები არ დგინდება შუალედური გადაწყვეტილებებით, ზოგადი სტანდარტები დგინდება საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებებით. ეს სტანდარტი ნამდვილად არ იქნება დაბალი“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
მისი თქმით, მოსამართლეთა კითხვები ძირითადად ფაქტებს მიემართება.
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.




