პროექტის დისკრედიტაციის მკაფიო პროცესი მიმდინარეობს. რაიმე პრობლემას არც დოკუმენტების გასაჯაროებაში ვხედავ და არც სხვა მიმართულებით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა EMAAR ჯგუფთან დადებულ ხელშეკრულებაზე კომენტირებისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას: „ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ხელშეკრულება გასაჯაროვდეს. ამ პროექტს აუცილებლად გავაჩერებთ, საზოგადოება გააჩერებს, რადგან ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“.
„მთელი ეს დრამა ემსახურება, რომ პროექტის დისკრედიტაცია მოხდეს. დოკუმენტი თუ გასაჯაროვდება, შემდეგ სხვა მიზეზს მოიგონებენ. მიზეზებს ეძებენ, რათა პროექტის დისკრედიტაცია მოახდინონ. თუ საჭიროა, პროექტი გასაჯაროვდება და ხელისუფლება უკან არ დაიხევს, რომ ამ პროექტს გამჭვირვალედ, ანგარიშვალდებულებით მოეკიდოს. რეალური პრობლემა ის კი არ არის, რომ არაბები დაგვესხმებიან თავს ან პროექტში რაიმე პრობლემაა, არამედ პროექტის დისკრედიტაცია უნდათ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.









